სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა მარნეულში არქეოლოგიური
ძეგლი „გადაჭრილი გორა“ მოინახულეს.
მარნეულის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით,
ხელმძღვანელმა პირებმა ძეგლის დაცვის, კეთილმოწყობისა და ტურისტულ
მარშრუტებში მისი ეტაპობრივი ინტეგრირების საკითხებზე იმსჯელეს.
მარნეულის მერიისა და მერის, დაურ ისმაილოვის მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში მითითებული არაა თუ როდის დასრულდება იმირში „გადაჭრილ
გორაზე“ სამუშაოები და როდის იქნება ის დამთვალიერებლებისათვის
გახსნილი. რადიო „მარნეული“ ინფორმაციის მისაღებად საქართველოს
კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა.
სააგენტოში განმარტეს, რომ ამ ეტაპზე ცნობილი არაა თუ როდის დასრულება
არქეოლოგიურ ძეგლზე სამუშაოები. აცხადებენ, რომ ტურისტებისათვის
არქეოლოგიური ძეგლის მონახულება სამუშაოების დასრულების შემდეგ იქნება
შესაძლებელი, ხოლო ინფორმაციას სამუშაოების დასრულების შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობაც გაავრცელებს.
რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიაში საკითხის გასარკვევად წერილობითი
მიმართვა სთხოვეს.
მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის მიერ გავრცელებული განცხადების
მიხედვით, მერიის მიზანი გადაჭრილი გორის დაცვა, კეთილმოწყობა და მისი
ეტაპობრივი ინტეგრირება ტურისტულ მარშრუტებში.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები კულტურული
მემკვიდრეობის სპეციალისტებთან და ეროვნული მუზეუმის
წარმომადგენლებთან ძეგლის განვითარების მიმართულებით. ასევე
განიხილება ტერიტორიის მოწყობა ისე, რომ ძეგლის ავთენტურობა
მაქსიმალურად იყოს დაცული“. - აღნიშნულია დაურ
ისმაილოვის განცხადებაში
მარნეულის მერიის ინფორმაციით, „გადაჭრილი გორა“ მარნეულის
მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა, ქვემო ქართლის რწმუნებულთან
ილია ჯალაღანიასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული
სააგენტოს გენერალურ დირექტორთან თეა ონიანთან, მარნეულის საკრებულოს
თავმჯდომარესთან ამირან გიორგაძესთან და ეროვნული მუზეუმის
დირექტორთან დავით ლორთქიფანიძესთან ერთად მოინახულა.
„გადაჭრილი გორის“ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად ძველი
წელთაღრიცხვით VI ათასწლეულით დათარიღებული ღვინის ჭურჭელი აღმოაჩინეს
რომლითაც დასტურდება, რომ ამ ტერიტორიაზე 8 000 წლის წინ პირველად
დაიწყეს ადამიანებმა ველური ვაზის მოშინაურება და ღვინის დაწურვა.
მარნეულში მდებარე „გადაჭრილი გორა“ არა მარტო საქართველოს, არამდე
მსოფლიო დონის ისტორიული ძეგლია.
რადიო „მარნეული“