მარნეულის ყველა არაქართულენოვან სკოლაში ქართული სექტორი გაიხსნება
2026-2027 სასწავლო წლიდან არაქართულენოვან სკოლებს ქართულენოვანი სექტორი დაემატებათ.

განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, ეს იქნება სავალდებულო მოთხოვნა ყველა საგანმანათლებლო დაწესებუულებისათვის. ერთ-ერთი დაწესებულება, რომელსაც ცვლილება შეეხება, მარნეულის N1 საჯარო სკოლაა. დირექტორის, ქეთევან მერაბიშვილის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება სკოლასთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს განათლება საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მიიღოს.

“ძალიან მნიშვნელოვანია არაქართულენოვან სკოლებში ქართული სექტორის დამატება. ჩემთვის აქამდე ხელისშემშლელი ის იყო, რომ მსურველები

ძირითადად აზერბაიჯანული მოსახლეობა იყვნენ და ისინი, ვისაც სახელმწიფო ენის კარგად სწავლა უნდოდათ, იძულებულები იყვნენ გადასულიყვნენ ქართულ სკოლაში. ეს მართლაც კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ახლა სკოლის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა დარეგისტრირდება, ვისაც ქართული სექტორი სურს. მე უკვე განსაზღვრული მაქვს მისაღები მოსწავლეების რაოდენობა დაახლოებით 50 ბავშვი, რაც, სავარაუდოდ, ორ კლასად ჩამოყალიბდება.”
- ამბობს ქეთევან მერაბიშვილი. 

როგორც ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ალი გახრამანოვი აცხადებს, მარნეულის 74 საჯარო სკოლიდან 17 უკვე ქართულენოვანი სკოლა ან სექტორია, ხოლო დანარჩენ 57 არაქართულენოვან სკოლას მიმდინარე წელს, თებერვლის დასაწყისში, პირველად დაევალა პირველკლასელთა სავარაუდო რაოდენობის განსაზღვრა. რესურსცენტრის ინფორმაციით, მოსწავლეთა დარეგისტრირების შემთხვევაში სკოლები სრულ მზადყოფნაში იქნებიან, უზრუნველყონ სწავლება ქართულ ენაზე.

“მარნეულის 74 საჯარო სკოლიდან 17 გახლდათ ქართული სკოლა/სექტორი, ხოლო დანარჩენ 57 არაქართულენოვან სკოლას მიმდინარე წელს პირველად თებერვლის დასაწყისში  ჰქონდათ ვალდებულება განესაზღვრათ  პირველკლასელთა რიცხოვნობა. მოსწავლეთა დარეგისტრირების შემთხვევაში, სკოლებს ექნებათ სრული მზადყოფნა უზრუნველყონ ქართულ ენაზე სწავლება. არაქართულენოვან სკოლებში ქართული სექტორის გახსნა მიზნად ისახავს სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერებას, ინტეგრაციას და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას. ეს პროცესი გულისხმობს ეროვნული ისასწავლო გეგმის შესაბამისი პროგრამების დანერგვას, რაც ქართულ ენაზე სწავლების მსურველებს აძლევს საშუალებას, მიიღონ განათლება მშობლიურ გარემოში, საათობრივი დატვირთვის გათვალისწინებით”
- ამბობს ალი გახრამანოვი.

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი სკოლებში უკვე დაიწყო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები