მარნეულის სოფელ ჩანახჩის მოსახლეობა 20 დღეზე მეტი უწყლოდ არის
20 დღე უწყლოდ — მარნეულის სოფელ ჩანახჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის მოსახლეობა 20 დღეზე მეტია წყლის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივები საინფორმაციო ვაკუუმსა და უყურადღებობაზე ჩივიან, ადგილობრივი ხელისუფლება კი პრობლემის მოგვარებას 26 თებერვლისთვის აანონსებს.

ანონიმურობის დაცვის გარანტიით, სოფლის მკვიდრები გვიყვებიან, რომ მათი მდგომარეობით არავინ ინტერესდება. მოსახლეობამ ამ დრომდე არ იცის, კონკრეტულად რამ გამოიწვია სისტემის მწყობრიდან

გამოსვლა და რატომ ჭიანურდება აღდგენითი სამუშაოები.

ინფორმაციის ნაკლებობის გამო სოფელში სხვადასხვა ვერსია ვრცელდება: ნაწილი ვარაუდობს, რომ მილებია გამსკდარი, ნაწილის თქმით კი, დაზიანებულია საზღვართან მდებარე ტუმბო, სადაც მესაზღვრეები მუშებს ტერიტორიაზე შესვლისა და სამუშაოების წარმოების უფლებას არ აძლევენ.

„სოფლის კაცებმა არაერთხელ მიმართეს როგორც რწმუნებულს, ისე შესაბამის სამსახურს — შპს „მარნეულის სოფწყალს“, თუმცა უშედეგოდ. წყალმომარაგების სამსახური ყოველდღე გვეუბნება, რომ ბრიგადა მოვა, მაგრამ არავინ ჩანს“, — აცხადებს სოფლის მკვიდრი სატელეფონო საუბარში.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ჩანახჩის რწმუნებულს, გიგოლ ათაბეგიანს დავუკავშირდით. მისი განმარტებით, შესაბამისი ბრიგადა ადგილზე მისვლას და პრობლემის აღმოფხვრას 26 თებერვალს გეგმავს.

„დაზიანებულია წყლის ტუმბო. ახალ წლამდე ორჯერ შევაკეთეთ, მერე კიდევ გავაკეთეთ. ალბათ, უხარისხო კაბელია დაყენებული. თუმცა, ამ წყლის გარდა, ყველა უბანში არის წყარო. სოფელი და ხალხი უწყლოდ არ არის დარჩენილი“, — აღნიშნავს რწმუნებული.

„წყაროს წყალი საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის საკმარისი არ არის“

რწმუნებულის ამ განცხადების შემდეგ, ჩვენ კვლავ დავუკავშირდით ადგილობრივებს და ვკითხეთ, რამდენად შესაძლებელია 20 დღის განმავლობაში მხოლოდ წყაროს წყლით საყოფაცხოვრებო საჭიროებების (საჭმლის მომზადება, რეცხვა, ჰიგიენა) დაკმაყოფილება.

„ეს ხომ წყაროა და წყალი ბოთლებით უნდა ვზიდოთ. რამდენი წყალი უნდა წამოიღოს ადამიანმა, რომ სარეცხი გარეცხოს, იბანაოს და სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემები მოაგვაროს? წყაროდან მოტანილი წყალი მხოლოდ დასალევად და საჭმლის მოსამზადებლად თუ კმარა“, — პასუხობენ სოფელში.


შპს „მარნეულის სოფწყალის“ წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ საკითხის გასარკვევად ადგილზე ხვალ, 26 თებერვალს მივლენ. ჩვენ კვლავ დავუკავშირდებით კომპანიას, რათა გავარკვიოთ, რა გახდა მოსახლეობის 20-დღიანი უწყლობის რეალური მიზეზი და როდის აღდგება წყალმომარაგება სრულად.

ყდის ფოტო რადიო მარნეულის არქივიდან
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები