სახელმწიფო უსაფრთხოების სასმსახურმა რიმა ოთარაშვილი არ დააკავა.
რადიო “მარნეულს” სუს-ში განუცხადეს, რომ რიმა ოთარაშვილი განაჩენს
არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიების პირობებში დაელოდება.
დღეს, 9 მარტს, სუს-მა განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ,
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული მასშტაბური
ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის
საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით,
დაკავებული
და პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი.
დაკავებულ და პასუხისგებაში მიცემულ ადამიანებს შორის იყო მარნეულის
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელი რიმა ოთარაშვილიც.
სუსი მას ედავება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით
თაღლითობის მცდელობას.
“გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში
მდებარე 20 000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის რამდენიმე ნაწილად
დაყოფა-გამიჯვნის საკითხის თითქოს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში
დადებითად გადაწყვეტის სანაცვლოდ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის
თანამშრომელმა და მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა მოქალაქისგან
მოითხოვეს 60 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ აიღეს 5 000 აშშ
დოლარი”. - აღნიშნულია განცხადებაში
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია
რადიო “მარნეულმა” გაავრცელა, რის შემდეგაც წყარო დაგვიკავშირდა და
გვითხრა, რომ რიმა ოთარაშვილი დაკავებული არ არის და ის კვლავ
მარნეულის მერიის შენობაში იმყოფებოდა. რადიო “მარნეულს” სუს-ში
დაუდასტურეს, რომ ოთარაშვილი, რომელსაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობა
ემუქრება დაკავებული არ არის.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის
„ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის
სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.