შიიტური თემი საქართველოში და ირანის გავლენები — მკვლევრის მოსაზრება
კატეგორია ბლოგი | ავტორი: ალექსანდრე კვახაძე, მკვლევარი

ირანში მიმდინარე საომარმა მოვლენებმა საქართველოში შიიტური თემისა და პროირანული ჯგუფების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი განსაკუთრებით გაზარდა. ბევრმა ადამიანმა სწორედ ახლა გაიგო, რომ საქართველოში შიიტებიც ცხოვრობენ. მე, როგორც მკვლევარი, წლების განმავლობაში ვიკვლევდი საქართველოში მუსლიმთა რელიგიურ ჯგუფებს, ხოლო 2021 წლამდე თვეების განმავლობაში ვცხოვრობდი ქვემო ქართლის აზერბაიჯანულ, მათ შორის შიიტურ სოფლებში. არსებული ვითარებიდან გამომდინარე,

გადავწყვიტე, ეს საკითხი ცოტა ვრცლად მიმოვიხილო და ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ მას შემდეგ, რაც ორ წელზე მეტია, საჯაროდ არაფერი დამიწერია.

რამდენი შიიტი ცხოვრობს საქართველოში და სად?

ვინაიდან მოსახლეობის საყოველთაო აღწერა შიიტ და სუნიტ მუსლიმებს ერთმანეთისგან არ განასხვავებს, საქართველოში შიიტების ზუსტი რაოდენობა უცნობია. თუმცა, ჩემი გათვლებით, საქართველოს აზერბაიჯანელი მოსახლეობის დაახლოებით 60–65% შიიტია. მუნიციპალიტეტების მიხედვით შიიტური მოსახლეობის მიახლოებითი განაწილება ასეთია:

მარნეული: აზერბაიჯანული მოსახლეობის 65-70% (ქალაქი მარნეული, ალგეთის ზონა, ყიზილაჯლო, ყაჩაღანის ზონა, სომხეთთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალისპირა სოფლები).

გარდაბანი: აზერბაიჯანული მოსახლეობის 50-55% (აღთაქლა, ყარათაქლა, სართიჭალის მუღანლო, ქალაქი გარდაბანი, ჯანდარი).

ბოლნისი: აზერბაიჯანული მოსახლეობის 35-40% (ფარიზი, ცურტავი, ტალავერი, მუშევანი, სავანეთი და სხვა).

გარდა ამისა, შიიტები ცხოვრობენ თბილისის, თეთრიწყაროს, დმანისის, კასპის, საგარეჯოსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების ცალკეულ დასახლებებში.

ორი მთავარი რელიგიური მიმდინარეობა

საქართველოში მცხოვრები შიიტები უკლებლივ იმამიტური (ისნააშრია) შიიზმის მიმდევრები არიან. აქ მოქმედი რელიგიური ჯგუფები პირობითად ორ კატეგორიად შეიძლება დაიყოს:

აიათოლა ხამენეისა და მისი კონცეფციის (ველაიათ-ე ფაქიჰის) მიმდევრები: მათთვის რელიგია და პოლიტიკა განუყოფელია.

აიათოლა სისტანის (ერაყი, ნაჯაფი) მიმდევრები: ისინი უფრო მეტ აქცენტს სულიერებაზე აკეთებენ.

თუმცა, ორივეს აერთიანებს საერთოშიიტური სოლიდარობა, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე. შესაბამისად, საქართველოში მცხოვრებ რელიგიურად აქტიურ შიიტებს პალესტინის, ირანისა და ლიბანის კონფლიქტების მიმართ მკაფიო პოზიცია აქვთ. ორივე მიმდინარეობას საქართველოში გამართული საგანმანათლებლო და მეჩეთების ინფრასტრუქტურა გააჩნია.

როგორ დაიწყო ყველაფერი?

შიიტური აქტივიზმი საქართველოში და ირანთან კავშირები გუშინ და დღეს არ დაწყებულა. იგი სათავეს 80-იანი წლების ბოლოდან იღებს, როდესაც საბჭოთა საზღვრები გაიხსნა და 70-წლიანი წყვეტის შემდეგ, მუსლიმ მოსახლეობას ახლო აღმოსავლეთის რელიგიურ წრეებთან ურთიერთობის შესაძლებლობა მიეცა.

ქვემო ქართლში შიიზმის აღორძინება მეზობელი აზერბაიჯანის კვალდაკვალ მიმდინარეობდა. 90-იანი წლების დასაწყისიდან შიიტურ სოფლებს ირანელი მისიონერები სტუმრობდნენ. მათი უმრავლესობა ეთნიკური აზერბაიჯანელი იყო, რაც ენობრივი ბარიერის პრობლემას ხსნიდა. საქართველოდან და აზერბაიჯანიდან შერჩეული ახალგაზრდები ირანში (ყუმისა და მაშჰადის რელიგიურ სასწავლებლებში) მიჰყავდათ, სწავლის დასრულების შემდეგ კი ისინი თავიანთ სოფლებში ახლად გახსნილი მეჩეთების ახუნდებად ბრუნდებოდნენ. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ყველა ახუნდი ან ირანშია ნასწავლი, ან ირანში ნასწავლი ახუნდის მოსწავლეა.

საქართველო და აზერბაიჯანი

პარალელურად, აზერბაიჯანში შიიტური სახალხო მოძრაობები ჩნდებოდა (მაგალითად, „აზერბაიჯანის ისლამური პარტია“ და უფრო რადიკალური „ჰეზბოლა“). ვითარება 2003 წლიდან, ილჰამ ალიევის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიცვალა — ძალაუფლების კონსოლიდაცია ისლამურ ორგანიზაციებსაც შეეხო და მუსლიმი თემი კავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს დაექვემდებარა. ამას არაერთგვაროვანი რეაქცია და ხშირად (მაგალითად, 2015 წელს ნარდარანში) მძიმე შეტაკებებიც მოჰყვა.

აზერბაიჯანში გამკაცრებული რელიგიური პოლიტიკის ფონზე, საქართველოში ბევრად უფრო თავისუფალი გარემო და ნაკლები შეზღუდვები არსებობდა, რის შედეგადაც შიიტურმა ჯგუფებმა გავლენა უფრო ფართოდ გაავრცელეს.

2011 წლამდე საქართველოს მუსლიმი მოსახლეობა ფორმალურად აზერბაიჯანის სასულიერო სამმართველოს ექვემდებარებოდა. საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ეს დამოკიდებულება შეეწყვიტა და შექმნა სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“. მიუხედავად იმისა, რომ შიიტური ორგანიზაციები აზერბაიჯანისგან გამოყოფას მიესალმნენ, მათმა ნაწილმა უარი განაცხადა სამმართველოს ახლად დანიშნულ შეიხთან, ვაგიფ აქფეროვთან თანამშრომლობაზე და არსებობა არაფორმალურად განაგრძო. (საინტერესოა, რომ თავად აქფეროვმა პირველი ვიზიტი დანიშვნისთანავე სწორედ ირანში განახორციელა და მაღალი რანგის სასულიერო პირებს შეხვდა).

ვითარება 2023 წელს შეიცვალა, როდესაც შეიხად ჰაჯი ფაიგ ნაბიევი დაინიშნა. ნაბიევმა, რომელიც აიათოლა სისტანის სკოლის მიმდევარია, მოახერხა არაფორმალური ჯგუფების დიდი ნაწილის შემორიგება.

რა არ იმუშავებს?

ირანის გავლენა საქართველოს შიიტურ თემში არსებობს და ამას ვერავინ უარყოფს. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უშუალოდ ირანის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს; ნაწილისთვის აიათოლა უმაღლესი ავტორიტეტია, ნაწილი კი უბრალოდ სოლიდარობას გამოხატავს.

როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს მიდგომა? ზოგიერთ ქვეყანაში (საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, რუსეთი, აზერბაიჯანი) შიიტური მოსახლეობის დაბალანსების სხვადასხვა, ხშირად რეპრესიული მეთოდი არსებობს. თუმცა, ვერცერთი ეს მეთოდი საქართველოს პირობებში ვერ იმუშავებს. აზერბაიჯანულ თემში შიიტებისთვის აიათოლა ხამენეი და სისტანი ისეთივე ავტორიტეტები არიან, როგორც კათოლიკეებისთვის რომის პაპი, და მხოლოდ რამდენიმე აქტივისტის დაჭერით ვითარება არ შეიცვლება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ადამიანების უკან მათი ნათესავები და თანასოფლელები დგანან. რეპრესიული მეთოდები სახელმწიფოს წინააღმდეგ ისეთ ადამიანებსაც განაწყობს, ვინც აქამდე არც რელიგიური აქტივისტი ყოფილა და არც მორწმუნე შიიტი. მოკლედ რომ ვთქვათ, ქვემო ქართლში ირანული გავლენის ნულამდე დაყვანა „კადიროვის მეთოდების“ გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია და ეს არც უნდა განიხილებოდეს.

განათლებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის გაძლიერება კარგია, თუმცა ვერც ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და ვერც 3000-ლარიანი საჯარო სამსახური ვერ გადაათქმევინებს ადამიანს მის რელიგიურ შეხედულებებს. საქართველოში ისლამური სასწავლებლის გახსნაც აუცილებელია, მაგრამ სახელმწიფომ ახალი შიიტური მიმდინარეობა ვერ გამოიგონოს და საბოლოოდ მოუწევს მისი მიბმა ისევ ან სისტანის, ან ხამენეის სკოლებთან.

რა უნდა გავაკეთოთ მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში?

ირანში მიმდინარე მოვლენების ფონზე მოკლევადიან პერსპექტივაში ორ რამეს უნდა მიექცეს ყურადღება:

თავიდან უნდა ავიცილოთ ქვემო ქართლიდან ირანში მოხალისეების გადინება (საჭიროა ინტენსიური დიალოგი ახუნდებთან).

ქვემო ქართლი არ უნდა იქცეს ირანულ პლაცდარმად მეზობელი აზერბაიჯანის წინააღმდეგ და მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს კონტაქტი აზერბაიჯანში მოქმედ იატაკქვეშა ჯგუფებთან.

რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას: შიიტური ჯგუფები არსად გაქრებიან და ჩვენ მათთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ირანი საქართველოს არ ესაზღვრება და შიდა საქმეებში ჩარევის ნაკლები ბერკეტი აქვს. ცალკე აღებულ შიიტურ თემს სეპარატიზმისთვის საჭირო დემოგრაფიული რესურსი არ გააჩნია, სამაგიეროდ, მათ შეუძლიათ პანთურქიზმის მნიშვნელოვანი დაბალანსება.

მეტიც, შიიტი სასულიერო პირების ჩართულობით შესაძლებელია ქვემო ქართლის ახალგაზრდობაში გავრცელებულ „ქურდულ მენტალიტეტთან“ და ნარკომანიასთან ბრძოლა. მთავარია — რაც მეტი შეხება ექნებათ ქართულ მოსახლეობასთან, მით მეტი საერთო ინტერესი გაჩნდება (რუსთავის ავტობაზრობა ამის კარგი მაგალითია).

2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ქვემო ქართლში არაერთხელ მინახავს ადამიანები, რომელთაც სახლში გვერდიგვერდ ჰქონდათ დაკიდებული აიათოლასა და მიხეილ სააკაშვილის სურათები. თუმცა, ბოლოდროინდელი განცხადებების შემდეგ, რამდენად შესაძლებელია ეს? აბა, რა მოგახსენოთ...
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები