მარნეულის მერიის ორ თანამშრომელს ხელფასი გაეზარდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით მარნეულის მერიის ორ თანამშრომელს ხელფასი გაეზარდა. დღეს, 12 მარტს, გამართულ საკრებულოს სხდომაზე მერიის თანამშრომლებისათვის ხელფასისა და კოეფიციენტის მატებასტან დაკავშირებული საკითხები მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, მამუკა შუბითიძემ წარადგინა.

შუბითიძის განმარტებით, ერთ შემთხვევაში მერიის თანამშრომელს ხელფასი 300-350 ლარით გაეზრდება, ხოლო მეორე შემთხვევაში თანამშრომლის კოეფიციენტი გაიზრდება 2.5 ერთეულით, რაც თავის მხრივ ხელფასის მატებას განაპირობებს.

„ცვლილება გათვალისწინებულია არქიტექტურის

განყოფილების ერთ-ერთ თანამშრომელზე. როგორც მოგეხსენებათ, სივრცითი დაგეგმარების კანონში შევიდა ცვლილებები რაც ითვალისწინებს, რომ სრულიად ელექტრონულ საქმისწარმოებაზე გადავიდა ანუ სამშენებლო ნებართვები იქნება ეს თუ შეთანხმებები იქნება მშენებლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, თანამშრომელი რომელიც ამას ახორციელებდა გაეზარდა სამუშაოები და გვაქვს პოზიცია იმის, რომ მისი მოტივაციის ამაღლების მიზნით მოემატოს ხელფასი რაც ითვალისწინებს დაახლოებით 300-350 ლარით მატებას“
. - განაცხადა შუბითიძემ

მეორე ცვლილების მიხედვით ხელფასი ეზრდება მერიის პიარისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელს. როგორც მამუკა შუბითიძემ განმარტა, აღნიშნული განყოფილების ხელმძღვანელს ხშირად არასამუშაო დროს უწევს მუშაობა, რის გამოც კოეფიციენტის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს.

„ცვლილება ეხება ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კოეფიციენტს. კოეფიციენტის მატება ხდება 2.5 ერთეულამდე. ეს გამოწვეულია იქედან გამომდინარე, რომ აღნიშნული განყოფილების ხელმძღვანელს ხშირად უწევს არასამუშაო საათებში, არასამუშაო დღეებში, მუშაობა და აქედან გამომდინარე იქნა მიღებული გადაწყვეტილება კოეფიციენტის მატებასთან დაკავშირებით“. - განაცხადა მამუკა შუბითიძემ

აღსანიშნავია, რომ საჯარო მოხელის ხელფასი კოეფიციენტის მეშვეობით გამოითვლება. აღნიშნულ შემთხვევაში მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის კოეფიციენტის ზრდაც მისი ხელფასის ზრდას გულისხმობს.

მარნეულის საკრებულოს წევრებმა ორივე საკითხთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილებები მიიღეს.


რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები