თაღლითობის სქემაში ბრალდებული რიმა ოთარაშვილის ინიციატივით გამართული შეხვედრა ქალებთან 1 895 ლარი და 20 თეთრი დაჯდა
“ქალთა ოთახის“ ინიციატივით მარნეულელ მეწარმე ქალებს 1 895.20 ლარის სასაჩუქრე ქალათები გადასცეს.

საჩუქრების შესყიდვის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე მარნეულის მერიამ 12 მარტს ატვირთა. თვითმმართველობამ შპს ფრესკო შოპინგ ცენტრისგან 16 ცალი შოკოლადის ბონბონერი, თურქული ყავა, ზეთისხილის კონსერვი, ცქრიალა ღვინო (შამპანური), ქოქოსის შოკოლადის ნაკრები და ხის მოწნული კალათა სასაჩუქრე ნაკრებისთვის შეიძინა, რაშიც ჯამში 1 895 ლარი და

20 თეთრი გადაიხადა.

აღნიშნულის შესაძენად თანხის გამოყოფის თხოვნით მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა დავით ჭიკაძემ მიმართა.

“მოგახსენებთ, რომ ,, ქალთა ოთახის“ ინიციატივით 2026 წლის 6 მარტს იგეგმება მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მეწარმე ქალებისათვის, ქალთა საერთაშორისო დღის 8 მარტის მისალოცი ღონისძიება. აღნიშნული ქალბატონები აქტიურად თანამშრომლობენ მერიასთან და მრავალი მუნიციპალური პროექტის და ღონისძიების აქტიურ პარტნიორებს წარმოადგენენ. ღონისძიების უზრუნველსაყოფად, გთხოვთ თქვენდამი დაქვემდებარებული ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურების მეშვეობით უზრუნველყოთ 16 ერთეული სასაჩუქრე მოწნული კალათის (ტკბილეულის ნაკრებით) შესყიდვა.” - წერს დავით ჭიკაძე.

ქალთა ოთახს, რომლის ინიციატივითაც ჩატარდა საჩუქრების გადაცემა, მისი ხელმძღვანელი რიმა ოთარაშვილია. აღსანიშნავია, რომ 9 მარტს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რიმა ოთარაშვილის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე.

რიმა ოთარაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ დაუკავებია. 9 მარტს რადიო „მარნეულს“ წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ოთარაშვილი კვლავ მერიის შენობაში იმყოფებოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ისმის, თუ როგორ ეუბნება რიმა ოთარაშვილი მოქალაქეს, რომ მის საქმეს, რომლის შესასრულებლადაც 60 000 აშშ დოლარი მოითხოვა, 100%-ით მოაგვარებს და აცხადებს, რომ „ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაც იქნება მერი“.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები