აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური საკარანტინო რეჟიმის
მოქმედების ვადა კვლავ გახანგრძლივდა.
ადგილობრივი მედიასააგენტო APA-ს ინფორმაციით, შესაბამისი
გადაწყვეტილება ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო.
კორონავირუსის (COVID-19) ინფექციის გავრცელებისა და მისგან
გამოწვეული შესაძლო გართულებების პრევენციის მიზნით, აზერბაიჯანში
საკარანტინო რეჟიმი 2026 წლის 1-ელი ივლისის 06:00 საათამდე
იმოქმედებს. აქამდე არსებული დადგენილებით, აღნიშნული რეჟიმის ვადა
2026 წლის 1-ელ აპრილს იწურებოდა.
აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2020
წლიდან მოქმედებს.
კოვიდ-პანდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანას ყველა მეზობელ
სახელმწიფოსთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილი აქვს.
არსებული რეგულაციებით, საქართველოს მოქალაქეებს აზერბაიჯანის
ტერიტორიაზე მოხვედრა მხოლოდ საჰაერო ტრანსპორტით (ფრენით) შეუძლიათ.
რაც შეეხება ქვეყნის დატოვებას, აზერბაიჯანიდან საქართველოში
დაბრუნება დასაშვებია სახმელეთო გზითაც, კერძოდ კი, ე.წ. „წითელი
ხიდის“ სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით.