თაღლითობის ჯგუფურ მცდელობაში ბრალდებულ რიმა ოთარაშვილს და დარეჯან
ვიბლიანს 5 000-5 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.
ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ საქართველოს პროკურატურაში
დაუდასტურეს.
პროკურატურის განმარტებით, ბრალდების მხარემ ოთარაშვილისა და
ვიბლიანისათვის აღკვეთი ღონისძიების სახით 7 000-7 000 ლარიანი გირაოს
შეფარდება მოითხოვა, ხოლო სასამართლომ ბრალდებულების გირაო 5 000
ლარით განსაზღვრა.
რადიო „მარნეულს“ პროკურატურაში განუცხადეს, რომ რიმა ოთარაშვილი
დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებულია.
რიმა ოთარაშვილისა და დარეჯან ვიბლიანის აღკვეთის ღონისძიების
სასამართლო სხდომა 10 მარტს გაიმართა. საქმე მოსამართლე ფიქრია
სიქტურაშვილმა განიხილა.
9 მარტს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურმა რიმა ოთარაშვილის და დარეჯან ვიბლიანის
წინააღმდეგ გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობი
თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო. სუს-ის განცხადებით რიმა
ოთარაშვილმა, რომელიც მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის
თანამშრომელია და მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა, დარეჯან ვიბლიანმა
მოქალაქისაგან 60 000 აშშ დოლარი მოითხოვეს, საედანაც წინასწარ აიღეს
5 000 აშშ დოლარი.
“გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე 20 000
კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის რამდენიმე ნაწილად დაყოფა-გამიჯვნის
საკითხის თითქოს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში დადებითად
გადაწყვეტის სანაცვლოდ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის
თანამშრომელმა და მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა მოქალაქისგან
მოითხოვეს 60 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ აიღეს 5 000 აშშ
დოლარი”. - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში
საქართველოს პროკურატურამ ვიბლიანს და ოთარაშვილს ბრალი სისხლის
სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილის ა). და მესამე
ნაწილის ბ). პუნქტებით წაუყენა, რაც თაღლითობის ჯგუფურად მცდელობას
გულისხმობს.
რადიო „მარნეული“ დაუკავშირდა დარეჯან ვიბლიანს, რომლიც კერძო
სექტორშია დასაქმებული. ვიბლიანმა რადიო „მარნეულს“ განუცხადა, რომ ის
თაღლითობის მცდელობის საქმეში არ მონაწილეობდა და არასწორ ინფორმაციას
ვფლობთ. რადიო „მარნეული“ რიმა ოთარაშვილთან დაკავშირებასაც ცდილობს
მისი პოზიციის გასარკვევად, თუმცა ის ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებს
არ პასუხობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ისმის,
თუ როგორ ეუბნება რიმა ოთარაშვილი მოქალაქეს, რომ მის საქმეს, რომლის
შესასრულებლადაც 60 000 აშშ დოლარი მოითხოვა, 100%-ით მოაგვარებს და
აცხადებს, რომ „ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაც იქნება მერი“.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერი, დაურ ისმაილოვი და მერის მოადგილე,
გიორგი გოდაბრელიძე
მერიის თანამშრომლის მიერ თაღლითობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით
კომენტარს არ აკეთებენ.