ბოლნისელი აქტივისტის თქმით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ
ბოლნისელი აქტივისტი ნურადინ ნაბიევი აცხადებს, რომ მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაბიევის თქმით, დღეს, 15 აპრილს, მის კუთვნილ ჩაის სახლში 9 კაცი შევიდა, ჰკითხეს იყო თუ არა ნურადინ ნაბიევი და პასუხის მიღების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაბიევი მასზე განხორციელებულ თავდასხმას აქტივიზმსა და პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს.

„9 კაცი შემოვიდა. აღარ მახსოვს მაგათი სახეები. ამ დროს ჩაის სახლში

ვმუშაობდი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიზში. სახელი მკითხეს, რა გქვიაო, მეპატრონე შენ ხარო და რომ ვუთხარი კი მეთქი მაშინვე ცხრავემ ერთად დამარტყა. ჩემი აზრით ეს ხალხი სპეციალურად მერიიდან მოაგზავნეს და ირანის მხარდამჭერებმაც. ნახევარი მერიიდან იქნებოდნენ და ნახევარი ირანის მხარდამჭერები. თავდამსხმელები პატარა ბავშვებიც იყვნენ, არასრულწლოვნები“.
- აცხადებს ნურადინ ნაბიევი

ნურადინ ნაბიევის თქმით, აქვს ხუთი ნაკერი ტუჩზე და თავის ტრავმა. ამ დროისათვის ის ბოლნისის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ნაბიევის განმარტებით, მას თავს რამდენიმე დღის წინაც დაესხნენ აიათოლა ალი ხამენეის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო. ამბობს, რომ სოციალურ ქსელში დაწერა კომენტარი, რამაც გარკვეული პირები გააღიზიანა და მას ვინმე ოთარ ბაირამოვი პირადად გაუსწორდა ფიზიკურად.

რაც შეეხება დღეს მომხდარ თავდასხმას, ნურადინი აღნიშნულ ფაქტს მის მიერ მედიკამენტების სიმწირისა და ფასების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსაც უკავშირებს. ამბობს, რომ გუშინ, 14 აპრილს, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვა გაავრცელა და სწორედ ამის შემდეგ დაესხნენ მას თავს. ნურადინ ნაბიევი დღეს მასზე განხორციელებულ თავდასხმაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა და პარლამენტარ ზაურ დარგალს ადანაშაულებს.
რადიო „მარნეული“ შეეცადა ზაურ დარგალთან დაკავშირებას, მაგრამ ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
რადიო „მარნეული“ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

აღსანიშნავია, რომ ნურადინ ნაბიევი 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას პარტია „ლელოს“ პროპორციული სიით იღებდა. ნურადინ ნაბიევი აქტიურად საუბრობს ბოლნისის მუნიციპალიტეტში შექმნილ პრობლემებზე და ხშირად ავრცელებს ვიდეო და ფოტო მასალებს მუნიციპალიტეტის საჭიროებებთან დაკავშირებით.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები