შსს-მ ბოლნისელ აქტივისტზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ბოლნისელ აქტივისტზე, ნურადინ ნაბიევზე, გამხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. უწყებაში რადიო “მარნეულს” განუცხადეს, რომ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დღეს, 15 აპრილს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიზში ადგილობრივ აქტივისტს თავს 9 ადამიანი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდნენ. რადიო “მარნეულთან” საუბრისას ნურადინ ნაბიევმა თავდასხმა მის აქტივიზმს და პოლიტიკურ შეხედულებებს დაუკავშირა.

„9 კაცი შემოვიდა. აღარ

მახსოვს მაგათი სახეები. ამ დროს ჩაის სახლში ვმუშაობდი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიზში. სახელი მკითხეს, რა გქვიაო, მეპატრონე შენ ხარო და რომ ვუთხარი კი მეთქი მაშინვე ცხრავემ ერთად დამარტყა. ჩემი აზრით ეს ხალხი სპეციალურად მერიიდან მოაგზავნეს და ირანის მხარდამჭერებმაც. ნახევარი მერიიდან იქნებოდნენ და ნახევარი ირანის მხარდამჭერები. თავდამსხმელები პატარა ბავშვებიც იყვნენ, არასრულწლოვნები“.
- აცხადებს ნურადინ ნაბიევი

ნურადინ ნაბიევის თქმით, აქვს ხუთი ნაკერი ტუჩზე და თავის ტრავმა. ამ დროისათვის ის ბოლნისის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ნაბიევის განმარტებით, მას თავს რამდენიმე დღის წინაც დაესხნენ აიათოლა ალი ხამენეის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო. ამბობს, რომ სოციალურ ქსელში დაწერა კომენტარი, რამაც გარკვეული პირები გააღიზიანა და მას ვინმე ოთარ ბაირამოვი პირადად გაუსწორდა ფიზიკურად.

რაც შეეხება დღეს მომხდარ თავდასხმას, ნურადინი აღნიშნულ ფაქტს მის მიერ მედიკამენტების სიმწირისა და ფასების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსაც უკავშირებს. ამბობს, რომ გუშინ, 14 აპრილს, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვა გაავრცელა და სწორედ ამის შემდეგ დაესხნენ მას თავს. ნურადინ ნაბიევი დღეს მასზე განხორციელებულ თავდასხმაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა და პარლამენტარ ზაურ დარგალს ადანაშაულებს.

რადიო „მარნეული“ შეეცადა ზაურ დარგალთან დაკავშირებას, მაგრამ ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნაბიევზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის, მუხლით დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ნურადინ ნაბიევი 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას პარტია „ლელოს“ პროპორციული სიით იღებდა. ნურადინ ნაბიევი აქტიურად საუბრობს ბოლნისის მუნიციპალიტეტში შექმნილ პრობლემებზე და ხშირად ავრცელებს ვიდეო და ფოტო მასალებს მუნიციპალიტეტის საჭიროებებთან დაკავშირებით.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები