"ივანიშვილმა ეს მშრომელი პატრიოტი ხალხი ისევ გაღატაკებამდე მიიყვანა საკუთარი კორუფციის გამო" - მიხეილ სააკაშვილი ფერმერთა აქციის შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში გამართულ აქციას საქართველოს მესამე პრეზიდენტი,

მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. მან სოლიდარობა გამოუცხადა მარნეულელ ფერმერებს და თბილისში მოქმედ ოპოზიციას ქვემო ქართლის სოფლებში ჩასვლისკენ მოუწოდა.

„მე თავის დროზე გავათავისუფლე წნეხისგან ეთნიკურად აზერბაიჯანელები რეგიონში. ახლა ივანიშვილმა ეს მშრომელი, პატრიოტი ხალხი ისევ გაღატაკებამდე მიიყვანა საკუთარი კორუფციის გამო. მოვუწოდებ მთელს თბილისურ ოპოზიციას ჩავიდეს მარნეულში, შეაგროვოს ფაქტები და

დაუდგეს ჩვენს თანამოქალაქეებს გვერდში. გეყოთ სტუდიებში ჯდომა და უაზრო წერილების წერა! ერთხელ მაინც გამოადექით ხალხს, იყავით მათ გვერდით და შექმენით ერთობა!“
– წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში ადგილობრივი ფერმერების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება იყო. ისინი მარნეულის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ადგილზე მისი არმისვლა ვითარების დაძაბვის მიზეზი გახდა.

აქციის მონაწილეებმა მაგისტრალური გზის გადაკეტვაც სცადეს. სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) ორი პირი დააკავეს, რომლებიც მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ.

 


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები