მარნეულში ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე — 1982 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით 1988 წელს დაბადებულ ა.მ.-სა და 1992 წელს დაბადებულ რ.ვ.-ს სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებულ ა.მ.-ს სამედიცინო დახმარება შემთხვევის ადგილზე გაეწია, ხოლო რ.ვ. საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მ.ი. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები