ბოლნისში საავტომობილო გზის იმ მონაკვეთზე, სადაც 11 წლის ბავშვი
მანქანის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა,
სიჩქარის შემანელებელი ბორცვებისა და სიჩქარის შემზღუდველი ახალი
აბრების მოწყობისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საქართველოს
საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიმართა.
ბოლნისის მერიისაგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ადგილობრივმა
თვითმმართველობამ საავტომობილო გზების დეპარტამენტს სოფელ ცურტავსა
(ქოლაგირი) და ფარიზში გამავალი ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის
დამაკავშირებელ გზაზე უსაფრთხოების ზომების მიღების თხოვნით პირველ
მაისს მიმართა.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია შესაბამისი უწყებისგან
ითხოვს, საავტომობილო გზაზე ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევებიდან
გამომდინარე, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის
(ფონიჭალა-მარნეული-გუგუთი) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
გამავალ მონაკვეთზე არსებული სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების
აღდგენას, საჭიროების შემთხვევაში, სიჩქარის შემზღუდავი ახალი
ბარიერების მოწყობას, ამასთან, საავტომობილო გზის მიმდებარედ არსებულ
სკოლებთან და საბავშვო ბაღებთან ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელების
მონიშვნას“. - აღნიშნულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის
მიერ რადიო „მარნეულისათვის“ გამოგზავნილ წერილში
ბოლნისის მერიამ საავტომობილო გზების დეპარტამენტს პირველ მაისს
მიმართა, სწორედ პირველ მაისს გვთხოვეს თვითმმართველობაში ოფიციალური
წერილით მიმართვა, რათა პასუხი გაეცათ ჩვენს კითხვებზე, თუ რა ზომები
მიიღო მერიამ ცურტავსა (ქოლაგირი) და ნახიდურში (არახლო)
ავტომობილების უსაფრთხო მოძრაობისათვის.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავის მოსახლეობა
საავტომობილო გზაზე ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევებიდან გამომდინარე
ითხოვს, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის
(ფონიჭალა-მარნეული-გუგუთი), სოფელ ცურტავში გამავალ მონაკვეთზე
პკ34კმ-ზე სიჩქარის შემანელებელი ბორცვების მოწყობას, ასევე წერილით
მოგვმართა საოფელ ფარიზში მცხოვრებმა მოქალაქემ სიჩქარის შემანელებელი
ბორცვების მოწყობასთან დაკავშირებით“. - აღნიშნულია
ბოლნისის მერის, ზამურ ჭითანავას მიერ საქართველოს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, ლევან დარახველაძისათვის
გაგზავნილ წერილში
ბოლნისის მერის მიერ გაგზავნილი წერილის მიხედვით, საავტომობილო
გზების დეპარტამენტმა უნდა შეისწავლოს საკითხი, რის შემდეგაც
გადაწყვეტილებას ბოლნისის მერიას გააცნობენ.
აღსანიშნავია, რომ 28 ნოემბერს სოფელ ცურტავში (ქოლაგირში) ავტომობილი
მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამავე გზის
სხვა მონაკვეთზე,
2024 წლის 30 დეკემბერს ავტომობილი 2 ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდას
დაეჯახა. ორივე ახალგაზრდა ავარიის შედეგად გარდაიცვალა.
რადიო „მარნეულმა“ ბოლნისის მერიას 2025 წელსაც მიმართა კითხვით, თუ
რა ზომები მიიღეს იმ გზის უსაფრთხოებისათვის, სადაც 2 ახალგაზრდა
მოკვდა. ბოლნისის მერიამ მაშინ გვითხრა, რომ თავად ვერაფერს
გააკეთებდნენ, რადგან გზა საერთაშორისო მნიშვნელობის იყო და ის
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განკარგულებაშია. ბოლნისის მერიის
წერილში აღნიშნული იყო, რომ გზაზე სიჩქარის შემანელებელი ნიშნებისა და
ბორცვების დაყენებისათვის მოსახლეობას მერიისათვის წერილობით უნდა
მიემართა, რის შემდეგაც მერია საკითხს საავტომობილო გზების
დეპარტამენტში გადაამისამართებდა.
რადიო „მარნეული“