თბილისის შუაგულში, ერთ-ერთ დიდ და შავ საგამოფენო პავილიონში,
წარმოდგენილია ხალიჩები, რომლებიც აზერბაიჯანულ ეროვნულ სულსა და
იდენტობას ასახავს.
ეს ის ხალიჩებია, რომლებზეც ბავშვობაში დავდიოდით, რომლებიც ჩვენს
მოგონებებს აცოცხლებს და ახლა უკვე თავისი უნიკალურობით „ბორჩალოს“
სახელით არის ცნობილი.
ძველი, ალისფერი და უნიკალური ორნამენტების მქონე ხალიჩები, რომლებიც
ოდესღაც ჩვენს სახლებს ამშვენებდა, ახლა თბილისის საგამოფენო დარბაზში
დამთვალიერებელთა აღფრთოვანებას იწვევს. დღეს ეს
ხალიჩა მხოლოდ
ბორჩალოში კი არა, მთელ მსოფლიოში ხდება ცნობილი. ამ წარმატების
ავტორი კი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში დაბადებული
გალიბ გასანოვია.
მან თბილისში, „Mercedes-Benz Fashion Week“-ის ფარგლებში, საკუთარი
კოლექცია „Collection 05 - Borchaly“ წარადგინა. გამოფენა 7 მაისს
დაიწყო და 10 მაისს დასრულდა. საგამოფენო სივრცეში გალიბის 8
ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. დიზაინერი თავად მასპინძლობდა სტუმრებს
და აღნიშნავდა, რომ თითოეულ ესკიზს განსაკუთრებული ისტორია აქვს.
დარბაზის შესასვლელში ორი საქსოვი დაზგა იყო განთავსებული. ხალიჩების
მქსოველი ხელოვანი და მისი მოსწავლეები სტუმრებს ქსოვის ტექნიკას
აჩვენებდნენ და ამ უძველესი ხელოვნების ისტორიაზე უყვებოდნენ.
აღნიშნავდნენ, რომ ხალიჩის ქსოვა დიდ ყურადღებასა და მოთმინებას
მოითხოვს.
წარმოდგენილი დიზაინი ბორჩალოს ხალიჩებისა და ფეხსაცმლის თასმების
სინთეზითაა შექმნილი. 8 სამოსიდან 3 ხალიჩის მოტივებზეა აგებული.
გასანოვმა აღნიშნა, რომ კოლექცია „ბორჩალო“ თებერვალში მილანის მოდის
კვირეულზე წარადგინა, რის შემდეგაც მიიღო მოწვევა, რომ ნამუშევრები
თბილისშიც გამოეფინა.
„სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებული მიზნით არ ჩამოვსულვარ.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ნამუშევრების დედაქალაქში
ჩვენება, რათა როგორც საერთაშორისო, ისე ქართველ აუდიტორიას ისინი
ახლოს გაეცნო. წარმოდგენილი 8 ნამუშევრიდან 3 ბორჩალოს ხალიჩებს
უკავშირდება. მათგან ერთი ბორჩალოს ხალიჩაა, ერთი - გარაჩოფის
(იორმუღანლო), მესამე კი - ფახრალოსი. ეს ხალიჩები სოფელ კოსალარში,
ადგილობრივ ქალებთან თანამშრომლობით მოიქსოვა. მე ისინი სამოსის
ფორმად ვაქციე, თუმცა ბორჩალოს ორნამენტები სრულად არის
შენარჩუნებული. რა თქმა უნდა, წარმოდგენილია თეთრი და შავი ბამბის
თასმებისგან მოქსოვილი სხვა სამოსიც, რაც ჩვენს ფარდაგს
უკავშირდება“. - ამბობს გალიბ გასანოვი
ახალგაზრდა დიზაინერის თქმით, სამოსი მხოლოდ ვიზუალური მხარე არ არის
და ის სიღრმისეულ იდეას ატარებს.
„დიზაინი ეფუძნება ისტორიულ ფაქტორებს, ფილოსოფიას და
ბორჩალოში მცხოვრები ქალებისა და გოგონების ცხოვრებას და ისტორიას
მოგვითხრობს. მთავარი მიზანია, ვაჩვენო როგორც ჩვენი ადათ-წესები, ისე
ის ფაქტი, რომ მე საქართველოს აზერბაიჯანელი ვარ. ვფიქრობ,მსოფლიო
ბორჩალოს შესახებ ცოტა რამ იცის. მინდა, რომ როგორც საქართველოში, ისე
მის ფარგლებს გარეთ, უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ამის
შესახებ“.
გალიბმა რეგიონში გაზრდის სირთულეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ
წარმატებისთვის რისკზე წასვლა აუცილებელია.
„ახალგაზრდებს წარმატებებს ვუსურვებ. ვფიქრობ, თუ არსებობს
რწმენა, ყველა სირთულის გადალახვაა შესაძლებელი. რეალობას კარგად
ვიცნობ და მინდა, რომ ახალგაზრდებმა არასდროს დაიხიონ უკან. ჩემი
რჩევაა – რისკზე წასვლა ჯობია. თქვენ არ ხართ ვალდებულნი, იყოთ
„კარგი“ ადამიანი ვინმესთვის. მთავარია აკეთოთ ის, რაც თქვენთვის არის
სწორი“.
გალიბ გასანოვმა განათლება სოფელ ყარაჯალარში, აზერბაიჯანულენოვან
სკოლაში მიიღო. 18 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო კონკურსში „VİNEX“,
მოიპოვა დაფინანსება და მილანში სასწავლებლად გაემგზავრა. სწავლის
პარალელურად, კარიერას იტალიაში აგრძელებს.
მის მიერ 2024 წელს დაარსებული შემოქმედებითი პლატფორმა „INSTITUTION“
უკვე რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია, მათ შორის: CNMI Fashion
Trust Grant (2025) და Zalando Visionary Award (2026).
აღსანიშნავია, რომ წელს გალიბი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული
კონკურსის, LVMH Prize-ის ფინალისტია. კონკურსის შედეგები 4
სექტემბერს გახდება ცნობილი.