რატომ არ ეხება პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი მარნეულს და კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტს
პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო. ეს არის ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ საქართველოს 12 ქალაქში მოქმედებს.

ჩამონათვალში არ შედის, მაგალითად, მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი და დმანისი, რადგან აღნიშნულ მუნიციპალიტეტებზე ტერიტორიული პრინციპი არ ვრცელდება.

თუ თქვენ დღეს მარნეულიდან სცადეთ რეგისტრაცია სპეციალურ ვებგვერდზე და მოსწავლის მონაცემები შეიყვანეთ, პორტალი ასეთ შეტყობინებას გამოგიტანდათ:

ბავშვის რეგისტრაცია შეუძლებელია, ვინაიდან 2026 წლის 15 აპრილის მდგომარეობით მისი იურიდიული რეგისტრაციის მისამართი არ მდებარეობდა იმ 12 ქალაქში, რომლებზეც ვრცელდება რეგისტრაციის აღნიშნული ეტაპი.“

ეს კი ნიშნავს, რომ ტერიტორიული პრინციპი მოქმედებს მხოლოდ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და რუსთავში, რომლებიც სასკოლო უბნებად არის დაყოფილი, ასევე ფოთში, ზუგდიდში, თელავში, ამბროლაურში, ახალციხეში, ოზურგეთში, მცხეთასა და გორში, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრებით შემოიფარგლება.

ამ ქალაქების გარდა, რეგისტრაციის მესამე ეტაპზე სხვა მუნიციპალიტეტების მოსწავლეები ვერ დარეგისტრირდებიან.
მათ რეგისტრაციის გავლა IV ეტაპზე - საყოველთაო ონლაინ რეგისტრაციის დროს მოუწევთ, რომელიც

2026 წლის 15 ივნისს დაიწყება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2026 წლის 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

წელს მარნეულში დაახლოებით 2000-მდე პირველკლასელთა მიღების მოლოდინი აქვთ როგორც კერძო სკოლებში, ასევე საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით 74 საჯარო სკოლა და 2 კერძო სკოლა ფუნქციონირებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები