მარნეულში, სავარაუდოდ საკონდიტრო ნაწარმით ინტოქსიკაციის ფაქტზე,
რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოქალაქე ნარმინ საფაროვამ,
სოციალურ ქსელში გაავრცელა და საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს
მარნეულში მდებარე საკონდიტროს, „ოვენის“ ობიექტის შემოწმება
სთხოვა.

“აღნიშნული ობიექტიდან შეძენილი ტორტის მიღების შემდეგ 6 ადამიანს,
მათ შორის ბავშვებს, განუვითარდა ჯანმრთელობის პრობლემები.
მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ 3 ადამიანი (2 ზრდასრული და 1
ბავშვი) სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ გადაყვანილი იყვნენ
ავერსის კლინიკაში. - წერს საფაროვა.
საფაროვამ რადიო “მარნეულს” უთხრა, რომ შემთხვევა 16 მაისს მოხდა.
“ამ დროისთვის დაზარალებულები სახლში იმყოფებიან და
მკურნალობას აგრძელებენ. ამ ეტაპზე ტორტის ლაბორატორიული ანალიზის
პასუხი ჯერ არ გვაქვს. თავდაპირველად ეჭვი გვქონდა პომიდორზე, თუმცა
მოგვიანებით ყურადღება ტორტზე გადავიტანეთ, რადგან ერთ-ერთმა
დაზარალებულმა მხოლოდ ტორტი მიიღო, პომიდორი საერთოდ არ მიუღია,
მიუხედავად ამისა, მასაც ზუსტად იგივე სიმპტომები განუვითარდა, რაც
დანარჩენებს.”
საკითხის გასარკვევად რადიო „მარნეული“ საკონდიტრო „ოვენშიც“
იმყოფებოდა. ობიექტის ხელმძღვანელმა მედიასთან საუბარი არ ისურვა,
ხოლო საკონდიტროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომხდარის
შესახებ ინფორმაცია აქვთ, თუმცა, მათი თქმით, მსგავსი შემთხვევა
პირველად დაფიქსირდა და საკვების მომზადების პროცესში ყველა შესაბამის
ტექნოლოგიურ და ჰიგიენურ ნორმას იცავენ.
რადიო “მარნეულს” “ავერსის” მენეჯერმა განუცხადა, რომ პაციენტებს
უფიქსირდებოდათ კვებითი ინტოქსიკაცია. ჩატარებული შესაბამისი
სამედიცინო კვლევებისა და მკურნალობის შემდეგ კი კლინიკიდან
გაეწერეს.
რადიო “მარნეულს” სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, რომ
მომხდართან დაკავშირებით შეტყობინება მათ ახალი მიღებული აქვთ და
მოკვლევას დაიწყებენ.