ყიზილ-აჯლოს მოსახლეობას ბუნებრივი გაზის მიწოდება აღუდგება — სემეკი „მამედში“ სპეციალური მმართველის დანიშვნას გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა დღეიდან დაიწყება.

ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) აცხადებენ.

მოსახლეობის ინტერესების დაცვისა და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, სემეკმა წერილობით მიმართა შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ სოფლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის თაობაზე.

„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობის ინტერესების დაცვისა და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, სემეკმა მიმართა შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ და სოფლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა დღეიდან დაიწყება. კომისია ასევე განიხილავს

შპს „მამედში“ სპეციალური მმართველის დანიშვნის საკითხს, რათა მომავალში უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უწყვეტი და საიმედო მომარაგება“
, — აცხადებენ სემეკში.

როგორც სემეკში განმარტავენ, 9 ივნისს სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობას ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა გაზგამანაწილებელი კომპანიის — შპს „მამედის“ თვითნებური და კანონთან შეუსაბამო ქმედებების გამო. „მამედი“ ბუნებრივი გაზის ლიცენზიატი კომპანიაა, რომელიც ყიზილ-აჯლოში გაზის განაწილებას ახორციელებს.

კომისიის ცნობით, კომპანიას თვეების განმავლობაში არ შეუსრულებია კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები და არ გადაუხდია მომხმარებლებისთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასური შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტისთვის“, რის შედეგადაც მას 600 ათას ლარზე მეტი დავალიანება დაუგროვდა. სწორედ აღნიშნული დავალიანების გამო შეუწყდა კომპანიას ბუნებრივი გაზის მიწოდება.

სემეკის განცხადებით, უახლოეს საჯარო სხდომაზე განხილული იქნება შპს „მამედში“ სპეციალური მმართველის დანიშვნის საკითხი, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფილი იყოს სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უწყვეტი და საიმედო მომარაგება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები