მერიამ სურსათის სააგენტოს მარნეულში ცხოველთა თავშესაფრისათვის ტერიტორია გადასცა
მარნეულის მუნიციპალიტეტში უპატრონო და მიუსაფარი ცხოველებისთვის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობა იგეგმება. მერიის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების ეტაპები მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვი პირველ მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე, სურსათის ეროვნული სააგენტო-ს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის უფროსის მოადგილე ცირა ნაფეტვარიძე, ექსპერტ ლაშა გეგეჭკორი და სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროს მირანგულა ლიპარტელიანითან ერთად განიხილა.

“სურსათის ეროვნული სააგენტო რეგიონებში ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობას იწყებს. ქვემო ქართლის

რეგიონში, თავშესაფრის მშენებლობის მიზნით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ყიზილაჯლოს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მდებარე 9 917 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დროებით სარგებლობაში, 3 წლის ვადით გადასცა.”
- წერს მარნეულის მერია

პროექტის მიხედვით, კომპლექსში განთავსდება სხვადასხვა დანიშნულების შენობები, ზამთრისა და ზაფხულის საერთო განთავსების ვოლიერები, საკარანტინე ზონა, ადმინისტრაციული შენობა, ავტოპარკი, წყლის ბიოლოგიური გამწმენდი სისტემა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა.

მას შემდეგ რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ ყიზილაჯლოში ცხოველთა თავშესაფარი აშენდებოდა, უკმაყოფილება გამოთქვა მარნეულის საკრებულოს წევრმა, „ლელოდან“ აგილ მუსტაფაევმა და მერიაში განცხადება დაარეგისტრირა. საზოგადოების ნაწილის თქმით, ყიზილაჯლოში თავშესაფრი უსიამოვნო სუნს გამოიწვევს. 

თვითმმართველობის ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განმარტეს, რომ ობიექტზე დანერგილი იქნება სახიფათო ნარჩენების მართვის სპეციალური პროგრამა, როგორც ეს უკვე მოქმედებს კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონულ თავშესაფრებში. ასევე აღინიშნა, რომ ობიექტს არ ახასიათებს სპეციფიკური სუნი, ხოლო მისი მდებარეობა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისკენ მიმავალ გზაზე, დასახლებული პუნქტებიდან რეკომენდირებულზე გაცილებით დიდი მანძილით არის დაშორებული.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ასევე დაათვალიერეს ტერიტორია, სადაც ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობაა დაგეგმილი.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები