მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში ადგილობრივი მცხოვრებლები
შეიკრიბნენ და სოფლისთვის სარიტუალო სახლის მშენებლობა მოითხოვეს.
როგორც ისინი რადიო „მარნეულთან“ საუბარში აცხადებენ, საუბარია
სპორტული მოედნის გვერდით მდებარე ცარიელ მიწის ნაკვეთზე, რომელიც,
მათი ვარაუდით, კერძო საკუთრებაშია. ისნი კი ტერიტორიის სოფლისათვის
გადაცემას ითხოვენ.
რადიო „მარნეულს“ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და ქალაქის
მაჟორიტარმა დეპუტატმა, ვასილ ხახულაშვილმა განუცხადა, რომ აღნიშნული
ტერიტორია მერიის ბალანსზეა და კერძო
პირს არ ეკუთვნის. თუმცა, მისივე
განმარტებით, დასახელებულ ადგილზე ვერანაირი ობიექტი ვერ აშენდება,
ვინაიდან ამას საგზაო დეპარტამენტის რეგულაცია კრძალავს.
„მოსახლეობას ორი თხოვნა ჰქონდა: პირველი აღნიშნული მიწის
ნაკვეთი მათ საკუთრებაში გადაცემოდათ, და მეორე , იქვე მოწყობილიყო
რიტუალების დარბაზი. მე მათ ავუხსენი, რომ ამ მონაკვეთზე მოქმედებს
საქართველოს საგზაო დეპარტამენტის აკრძალვა, რომელიც
ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზატკეცილის ღერძულა ხაზიდან 100 მეტრის
რადიუსში ყოველგვარ მშენებლობას კრძალავს. ეს ტერიტორია სწორედ
აღნიშნულ ზონაში ხვდება. შესაბამისად, კანონი იქ ინფრასტრუქტურული
პროექტის განხორციელების საშუალებას არ გვაძლევს. ამ ეტაპზე არც
სოფლის სხვა მონაკვეთზეა დაგეგმილი სარიტუალო დარბაზის მშნებლობა.
ვინაიდან მერიას ამ ეტაპზე მაგის საშუალება არ აქვს”, -
განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა.
„საკითხის გასარკვევად რადიო „მარნეულმა“ მიწის ნაკვეთის სტატუსი
გადაამოწმა. ირკვევა, რომ ტერიტორია ნამდვილად მარნეულის მერიის
საკუთრებაშია. საჯარო რეესტრის მონაცემები იხილეთ სურათზე.
ვასილ ხახულაშვილის განმარტებით, ერთ-ერთი, რაც ამ ეტაპზე ჯანდარაშია
დაგეგმილი, ცენტრალური გზის რეაბილიტაციაა. პროექტზე ტენდერი უკვე
გამოცხადებულია და ამჟამად გამარჯვებულ კომპანიის გამოვლენას
ელოდებიან.
„ჯანდარის ცენტრალური გზის რეაბილიტაციის ტენდერი დასკვნით
ეტაპზეა. ველოდებით გამარჯვებულ კომპანიას და მისი გამოვლენისთანავე
დაიწყება გზის მოასპალტება“, - აღნიშნა ხახულაშვილმა.
ხახულაშვილის ინფორმაციით, მომავალი წლისთვის სოფელში შიდა გზების
რეაბილიტაციაც იგეგმება.