მარნეულის საკრებულომ 13 ივლისს გამართულ სხდომაზე დაამტკიცა საკითხი,
რომლის მიხედვითაც 5 მოქალაქე მიწის გადასახადისგან გათავისუფლდება.
საკითხი სხდომაზე მერიის თანამშრომელმა მარიტა ბაბლუანმა წარადგინა.
მისი განმარტებით, გადაწყვეტილება ეფუძნება მარნეულის მერიაში შესულ
განცხადებებს, რომლებიც 21 ივნისს მომხდარი სტიქიური მოვლენების
შედეგად დაზიანებულ მოსავალს ეხება.
„მარნეულის მერიაში შემოსული განცხადებების საფუძველზე,
რომლებიც 21 ივნისს მომხდარ სტიქიურ მოვლენებს უკავშირდება,
მოქალაქეებმა მოგვმართეს მოსავლის განადგურების გამო. გთხოვთ,
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის შესაბამისად გამოიცეს
განკარგულება მიწის გადასახადისგან იმ მოქალაქეების გათავისუფლების
შესახებ, რომელთა საკითხებიც მერიაში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა
განიხილა“, – განაცხადა მარიტა ბაბლუანმა.
რადიო „მარნეულმა“ მერიას ჰკითხა, რატომ შეირჩა მხოლოდ 5 მოქალაქე,
მაშინ როდესაც მუნიციპალიტეტში მოსახლეობის დიდი ნაწილი
მიწათმოქმედებას ეწევა და, სავარაუდოდ, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა
რაოდენობა გაცილებით მეტია.
ასევე დავინტერესდით, აქვთ თუ არა იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ჯერ არ
იციან ამ შესაძლებლობის შესახებ, უფლება ახლაც მიმართონ მერიას
განცხადებით და მიწის გადასახადისგან გათავისუფლება მოითხოვონ.
მარნეულის მერიაში რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, რომ აღნიშნულ
კითხვებზე პასუხის გასაცემად ოფიციალური წერილით უნდა მივმართოთ.
რადიო „მარნეულმა” მარნეულის მერიას ოფიციალური წერილი 16 ივლისს,
გაუგზავნა. მიღებული პასუხის შესახებ ინფორმაციას მოქალაქეებს
დამატებით მივაწვდით.