აშშ-ში 1-წლიანი სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, მარნეულელმა თაჰირმა და აისუმ საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარეს
მარნეულელი ახალგაზრდები, თაჰირ მაჰმუდოვი და აისუ ასკეროვა, 10-თვიანი გაცვლითი პროგრამის (FLEX) წარმატებით დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნდნენ. გასულ წელს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ისინი ამერიკის სხვადასხვა შტატში ადგილობრივ ოჯახებთან ერთად ცხოვრობდნენ და მე-12 კლასში სწავლობდნენ.

თაჰირ მაჰმუდოვი 10 თვის განმავლობაში ტეხასის შტატის ქალაქ კოპერას კოუვში (Copperas Cove) ამერიკელ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. მისი თქმით, ადამიანების მუდმივი ღიმილი და მრავალფეროვნებისადმი ღიაობა ახალ

გარემოსთან ადაპტაციის პროცესს საგრძნობლად აადვილებდა.

„ბუნებრივია, თავიდან დიდი ელდა და გარკვეული ნერვიულობა იყო. პირველ ხანებში იქ ყველაფერი სრულიად განსხვავებული და უჩვეულო მეჩვენებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში შევეჩვიე. ისეთი თბილი დახვედრა მომიწყვეს, რომ განსხვავებულ კულტურასთან შეგუება სულაც არ ყოფილა რთული. მასპინძელი მამა დევიდი, დედა ლანი და მათი ვაჟი შეინი ისე მექცეოდნენ, რომ მოკლე დროში თავი მათ მეორე შვილად ვიგრძენი. ჩვენი კულტურის წარსადგენად როგორც სკოლაში, ისე ადგილობრივი თემისთვის სპეციალური პრეზენტაციები მოვაწყვე და მათ ჩვენი ქვეყნის შესახებ ვუამბე.
კოპერას კოუვის საჯარო სკოლაში მე-12 კლასში ვსწავლობდი. იქაურ საგანმანათლებლო სისტემასა და ჩვენს სისტემას შორის ყველაზე დიდი განსხვავება ისაა, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ საგნები საკუთარი ინტერესების მიხედვით აირჩიონ და განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პრაქტიკულ მეცადინეობებს. ვინაიდან ტექნოლოგიები მაინტერესებს, კომპიუტერული მეცნიერებების გაკვეთილებს ვესწრებოდი. მონაწილეობა მივიღე SkillsUSA-ის კონკურსში და შტატის მასშტაბით გამართულ კონფერენციაზე ჩემმა პროექტმა "Best of the Show"-ს ჯილდო მოიპოვა“.


თაჰირი აღნიშნავს, რომ იქ ყოფნისას საკუთარ თავში ბევრი ახალი უნარი აღმოაჩინა — ოჯახისგან შორს ცხოვრებამ მას დამოუკიდებლობა და გადაწყვეტილებების მიღება ასწავლა.

„უპირველეს ყოვლისა, უცხო ადამიანებთან სწორი კომუნიკაციის დამყარება და საუბრის წამოწყება ვისწავლე, რაც საზოგადოებაში ინტეგრაციაში დამეხმარა. სრულიად განსხვავებულ გარემოში ცხოვრებამ ჩემი ადაპტაციის უნარი საგრძნობლად გააძლიერა. როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე პროექტებზე მუშაობისას წამოჭრილი სირთულეების წყალობით, კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარები განვივითარე“.

ახალგაზრდა ლიდერის ყველაზე დიდი ოცნება პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრობა და წარმატებული კარიერის შექმნაა.

„იქ მიღებული ეს უნიკალური გამოცდილება და გაფართოებული მსოფლმხედველობა მინდა ჩემს თემს გავუზიარო. ჩემი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესო ამგვარი შესაძლებლობებით, რომლებიც ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის და მათ მოტივაცია მივცე. რაც შეეხება პირად მიზნებს, ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის პოზიციაზე წარმატებულ კარიერას მივაღწიო“.

მაჰმუდოვი კომფორტის ზონიდან გამოსვლის, სიახლეებისადმი ღიაობისა და ადამიანებთან ურთიერთობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

„თავიდან შესაძლოა რთული იყოს, თუმცა ყოველი სირთულე უფრო მეტად გაძლიერებთ. გამოსცადეთ ისეთი აქტივობები, რომლებიც აქამდე არასდროს გაგიკეთებიათ. გაწევრიანდით წრეებში და ნებისმიერ ახალ შესაძლებლობას უთხარით „დიახ“. ირწმუნეთ საკუთარი თავის და იცოდეთ, რომ მსგავსი გამოცდილება თქვენი მომავალი ცხოვრებისთვის ყველაზე მყარი ფუნდამენტია“, — აღნიშნა თაჰირ მაჰმუდოვმა.

თაჰირისგან განსხვავებით, აისუ ცხრა თვენახევრის განმავლობაში იუტას შტატში იმყოფებოდა. მას დღემდე ახსოვს აშშ-ში ჩასვლის პირველი წუთები, როდესაც FLEX-ის თანამშრომლებმა ის სახლის კართან დატოვეს, და ის დამოუკიდებლობის გრძნობა, რაც ამის შემდეგ დაეუფლა.

„აშშ-ში ჩემი პირველი წუთები ვაშინგტონის აეროპორტს უკავშირდება, ხოლო სახლის კართან FLEX-ის თანამშრომლებმა დამტოვეს. ეს იყო ყველაზე დიდი დამოუკიდებლობა, რაც კი ოდესმე მიგრძვნია. ეს არა მხოლოდ მხიარული, არამედ ძალიან ემოციური მომენტი იყო. მიუხედავად თვიანი მომზადებისა, ეს იყო ერთადერთი წამი, როდესაც რეალურად გავაცნობიერე, რომ ოკეანის გაღმა, სხვა კონტინენტზე უნდა მეცხოვრა. თუმცა, ყველაზე მეტად რამაც განმაცვიფრა და დამეხმარა, ეს ადგილობრივი ადამიანები — ამერიკელები იყვნენ. აშშ-ში ყოფნის პირველივე დღიდან ისინი საოცრად მზრუნველები, მხარდამჭერები და მომღიმარნი იყვნენ. ისინი დიდ პატივს სცემენ ადამიანურ ურთიერთობებს და აქვთ ტოლერანტობის მაღალი დონე, რაც დამეხმარა, თავი ამ გარემოს ნაწილად მეგრძნო“.

აისუ ყვება, რომ მასპინძელი ოჯახი მის მიმართ ყოველთვის თბილი, გაგებით აღავსე და მომთმენი იყო.

„ჩემს მასპინძელ ოჯახს არასდროს გამოუთქვამს უკმაყოფილება იმის გამო, რომ ამა თუ იმ სიტყვას ან ხუმრობას ინგლისურ ენაზე არაერთგზის მიხსნიდნენ. მათმა მოთმინებამ ხელი შეუწყო ჩემს სწრაფ შეგუებას. ჩვენ შორის ბევრი განსხვავება იყო და ამან ჩვენი გამოცდილება კიდევ უფრო საინტერესო გახადა. ორმხრივად შევითვისეთ ერთმანეთის ზოგიერთი ჩვევა, თუმცა ეს არასდროს ყოფილა ძალდატანებითი. გარდა ამისა, მასპინძელ ოჯახთან ერთად სახლში ქართული კულტურის საღამო მოვაწყვეთ, სადაც მეზობლები და მეგობრები დავპატიჟეთ. მათ დააგემოვნეს ისეთი ქართული კერძები, როგორიცაა ხაჭაპური და ხინკალი. ეს ჩემთვის მართლაც უნიკალური გამოცდილება იყო!“

ასკეროვამ ამერიკაში ყოფნისას, „საერთაშორისო განათლების კვირეულის“ ფარგლებში, სკოლასა და ადგილობრივ ეკლესიაში საქართველოს კულტურისა და ენის შესახებ 8 ინტერაქტიული პრეზენტაცია ჩაატარა. ის ასევე აქტიურად იყო ჩართული კლუბ „Lighthouse“-ში, რომელიც სკოლის ღონისძიებების ორგანიზებითაა დაკავებული, და ჯგუფ „Hope Squad“-ში, რომელიც მოსწავლეთა მენტალურ ჯანმრთელობასა და ემპათიური გარემოს შექმნას უჭერს მხარს.

„პირველი თვალშისაცემი განსხვავება ინფრასტრუქტურაა. ამერიკულ სკოლებში სანიტარია, მოვლილი საკლასო ოთახები და სპორტული მოედნები ლუქსად არ მიიჩნევა. ასევე, ამერიკული სკოლები მოსწავლეებს მეტ თავისუფლებას აძლევენ. თუმცა თავისუფლებას ყოველთვის ახლავს მეტი პასუხისმგებლობა და მრავალფეროვანი არჩევანი, რაც თავისუფლებას შეუჩვეველი მოსწავლისთვის შესაძლოა ზედმეტად რთული აღმოჩნდეს. მათ არ სურთ, რომ ჩვენ სხვის გზას მივყვეთ. მათ უნდათ, რომ მიღებული ცოდნა შემოქმედებითი აზროვნებისა და ღიაობის დახმარებით ახალი გზის გასაკაფად გამოვიყენოთ“.

გოგონა მიიჩნევს, რომ FLEX პროგრამის ფინალისტობისთვის რაიმე ჯადოსნური რეცეპტი არ არსებობს და ეს, უბრალოდ, მომავალი ლიდერების გაცვლის პროგრამაა.

„ვურჩევდი ყველას, ყურადღებით გაეცნონ FLEX-ის ან ნებისმიერი სხვა სასურველი პროგრამის კრიტერიუმებს. გაითვალისწინეთ, რომ ეს კრიტერიუმები ძალიან მარტივია და თქვენს მოტყუებას არავინ ცდილობს. როგორც სახელწოდებაც მოწმობს, ეს არის მომავალი ლიდერების გაცვლის პროგრამა, რომელიც ეძებს ლიდერული თვისებების მქონე კანდიდატებს, რაც თითოეული აპლიკაციის ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს“, - განაცხადა აისუ ასკეროვამ.

ახალგაზრდა აისუ ამჟამად ევროპულ უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად ემზადება. მას სურს სამართლის ან გლობალური სამართლის მიმართულებით ისწავლოს, მომავალში კი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში ქალთა უფლებების დაცვის კუთხით იმუშაოს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სასწავლო წელს მარნეულელ ახალგაზრდებს შორის FLEX პროგრამის ფინალურ ეტაპზე გადასვლა ვერავინ შეძლო.

მომავალი ლიდერების გაცვლის პროგრამა (FLEX) უკვე 30 წელზე მეტია, რაც საქართველოდან მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში სრულიად უფასოდ ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახებთან ერთად.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები