ცხენის დნმ მარნეულის 11-ივე საბავშვო ბაღში - რას ამბობენ გაერთიანებაში
მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში საბავშვო ბაღებში ცხენის დნმ-ის შემცველი ხორცის მოხვედრის ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ. გაერთიანების იურისტის, ედიშერ კუტალიას განცხადებით, ცხენის ხორცის დნმ კვლევების შედეგად გამოვლინდა მარნეულის 11-ივე ბაღში. მისი თქმით, შესაბამისი შემოწმება მაისის თვეში ჩატარდა, რის შემდეგაც ხორცპროდუქტები დაუყოვნებლივ დაილუქა.

საბავშვო ბაღების გაერთიანების წარმომადგენელი განმარტავს, რომ ხორცის მიწოდებაზე პასუხისმგებელ კომპანიასთან თანამშრომლობა შეწყვეტილია და საქმეში შესაბამისი უწყებები არიან

ჩართულნი:

„რაც შეეხება ცხენის ხორცს, როგორც კი შემოწმება იქნა დაწყებული და დალუქული, მას შემდეგ აღსაზრდელებს არ მიუღიათ არც ერთი გრამი. ხორცპროდუქტები იქნა დალუქული და დაიწყო შესაბამისი ორგანოების მიერ საქმის მოკვლევა. შპს „ბი.ჯი.ემ.1“ის მიერ, შესაბამისი ტენდერის საფუძველზე, ხდებოდა ხორცის პროდუქტების შემოტანა მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღების გაერთიანების მასშტაბით, კონკრეტულად 11 საბავშვო ბაღში, სადაც გამოვლინდა მაისის თვეში, შესაბამისი შემოწმების შედეგად, ცხენის დნმ-ის არსებობა ხორცზე. აღნიშნული პროდუქტი შესაბამისი უწყებების მიერ იქნა დალუქული და შენახული, ხოლო ეს პროდუქტები საბავშვო ბაღებში არ გამოყენებულა.“ - ამბობს ედიშერ კუტალია.

იურისტის განმარტებით, აღნიშნული კომპანია მარნეულს გასულ წელსაც ამარაგებდა, თუმცა მაშინ პრობლემა არ შექმნიათ. მისივე თქმით, გეგმიური შემოწმება მარნეულის ბაღებში წელიწადში 8-ჯერ ტარდება.

„ჩვენს მიერ მოხდა მომწოდებლის დისკვალიფიკაცია და დადებულ იქნა შავ სიაში. რაც შეეხება შემდგომ საგამოძიებო ქმედებებს, აღნიშნული განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ჩვენთან დღეის მდგომარეობით არის HACCP-ის სტანდარტები დანერგილი, უკვე მესამე წელია, და პერიოდულად ხდება, უწყვეტ რეჟიმში, ხორცპროდუქტების შემოწმება. რაც შეეხება თვითონ შპს „ბი.ჯი.ემ.1“ს წინა წელსაც იყო ეს პრეტენდენტი გამარჯვებულად გამოცხადებული, დადებულ იქნა ხელშეკრულება და მოხდა ანალოგიურად სინჯების აღება მიკრობიოლოგიური შემოწმების მიზნით, მაგრამ ყველაფერი იყო ნორმაში, სტანდარტებთან შესაბამისი და არანაირი დარღვევა არ გამოვლენილა. ძალიან სამწუხაროა, რა თქმა უნდა, მაგრამ რადგანაც ასეთი ფაქტი მოხდა, დღეის მდგომარეობით ჩვენ არა გვაქვს არანაირი სხვა კავშირი, გავატარეთ კანონით დაკისრებული ღონისძიებები და შევწყვიტეთ ხელშეკრულება კონკრეტულ პირთან. საბავშვო ბაღების გაერთიანება მაქსიმალურად ცდილობს, რომ იყოს სტანდარტები დაცული, როგორც HACCP-ის სტანდარტებით, ასევე თანამშრომლობს ყველა სახელმწიფო უწყებასთან, რომელიც ახორციელებს შესაბამისი პროდუქტების შემოწმებას. ჩვენი მხრივ მაქსიმალურად ვინარჩუნებთ გამჭვირვალობას. შემოწმება ზოგადად ხდება წელიწადში დაახლოებით რვაჯერ, პერიოდულად... გარდა ამისა, ჩვენთან საბავშვო ბაღებში ფუნქციონირებს შიდა მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ამოწმებს როგორც სურსათის, ასევე სხვა სახის სააღმზრდელო მომსახურების ხარისხს.“ - გვითხრა გაერთიანების იურსიტმა.

“ბი.ჯი.ემ.1“ მარნეულის საბავშვო ბაღებს ქათმის ხორცითაც ამარაგებდა.რაშიც ჯამში მარნეულის ბიუჯეტიდან 218`357 ლარი დაიხარჯა. კომპანიამ ბაღებისთვის ხორცის მიწოდება მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო და პროცესი 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანიებს – „ბი.ჯი.ემ.1“-სა და ,,ქართული ხორც-პროდუქტების ფერმას“ მოგებული ჰქონდათ ა(ა)იპ „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანებისა“ და ა(ა)იპ „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანების“ მიერ გამოცხადებული ტენდერები, რომელთა ფარგლებშიც ევალებოდათ საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის მიწოდება. აღნიშნული კომერციული ორგანიზაციების დირექტორებმა, 2026 წლის მაისში, საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, შეიტანეს ცხენის ხორცი და შედეგად, თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, ასევე 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბაღების ჩამონათვალი, სადაც ხორცში ცხენის დნმ ლაბორატორიულად დადასტურდა:
  • ქ. მარნეულის #1 საბავშვო ბაგა-ბაღი
  • ქ. მარნეულის #3 საბავშვო ბაგა-ბაღი
  • ქ. მარნეულის #4 საბავშვო ბაგა-ბაღი
  • სოფელ საიმერლოს საბავშვო ბაგა-ბაღი
  • სოფელ ყიზილაჯლოს საბავშვო ბაგა-ბაღი
  • სოფელ თამარისის საბავშვო ბაგა-ბაღი
  • შაუმიანის სომხური საბავშვო ბაგა-ბაღი
  • სოფელ ხიხანის საბავშვო ბაღი
  • სოფელ კაპანახჩის საბავშვო ბაღი
  • სოფელ ალგეთის საბავშვო ბაღი
  • სოფელ სადახლოს საბავშვო ბაღი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები