2020 წელს კორონავირუსის პანდემიის დაწყებასთან ერთად აზერბაიჯანმა
სახმელეთო საზღვრები ჩაკეტა და ეს შეზღუდვა დღემდე ძალაშია.
წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა მხოლოდ
ავიაკომპანიების ფრენებით იყო შესაძლებელი, რაც საკმაოდ მაღალ
ფასებთან არის დაკავშირებული. ბოლო დროს თბილისი-ბაქოს მიმართულებით
მატარებლით მიმოსვლა აღდგა, თუმცა ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია და
მათი შოვნა ძალიან ჭირს. საქართველოში მცხოვრები მრავალრიცხოვანი
თანამემამულეებისთვის მატარებელი როგორც ფრენის შიშისგან
გათავისუფლების, ისე
უფრო ხელმისაწვდომი ტრანსპორტით გადაადგილების
საშუალება გახდა. თუმცა, ბილეთების დეფიციტით ისარგებლეს თაღლითებმა,
რომლებიც მოქალაქეების შეცდომაში შეყვანით უკანონო შემოსავლის მიღებას
ცდილობენ.
ბილეთების თაღლითურ მახეში გაბმულ ადამიანებს შორის აღმოჩნდა
მარნეულელი პოლიტიკოსი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნარგის
ალიევაც.
ბილეთის ძიებიდან თაღლითობის მსხვერპლობამდე: ნარგის ალიევას
ისტორია
ნარგის ალიევა ყვება, რომ აგვისტოს თვისთვის თბილისი-ბაქოს მატარებლის
ბილეთებს ეძებდა, თუმცა ოფიციალურ საიტებსა თუ ტურისტულ კომპანიებში
ადგილები აღარ იყო. სოციალურ ქსელში მან წააწყდა გვერდს სახელწოდებით
„Georgian Air“ და მათ დაუკავშირდა.
„მითხრეს, რომ ჩემთვის სასურველ თარიღებზე ბილეთები ჰქონდათ
და WhatsApp-ის ნომერი მომცეს. რა თქმა უნდა, თანხის წინასწარ გადახდა
არ მინდოდა. ვკითხე, როგორ ვენდო-მეთქი. მითხრეს, მაშინ გარდაბნის
რაიონის სოფელ ყაბალში მდებარე ჩვენს ოფისში მოდითო. რა თქმა უნდა,
იცოდნენ, რომ იქ ფიზიკურად ვერ წავიდოდი. შემდეგ მითხრეს, რომ
ანგარიშის ნომერს გამოგიგზავნით, თანხის ჩარიცხვის შემდეგ კი ბილეთს
PDF ფორმატში გამოგიგზავნითო.“
პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ დაკავებული გრაფიკის გამო ყურადღება
მოადუნა, ხოლო თაღლითებმა მისი ნდობა იმით მოიპოვეს, რომ ვითომ
იცნობდნენ მას. ანგარიშის ნომრის გამოგზავნასთან ერთად მათ პირადობის
მოწმობაც წარადგინეს, თუმცა დოკუმენტი ბოლნისის მცხოვრებს ეკუთვნოდა.
თანხის გადარიცხვიდან ორი საათის შემდეგ, როდესაც ალიევამ ბილეთი
მოითხოვა, პასუხი ვერ მიიღო, დარეკვისას კი აღმოაჩინა, რომ ნომერი
გამორთული იყო, ხოლო სოციალურ ქსელში იგი დაბლოკეს.
ნარგის ალიევამ აღნიშნული პირის ვინაობის დადგენის მიზნით მისი ფოტო
გამოაქვეყნა და ფახრალოელი მეგობრების დახმარებით დროულად მიაგნო
პირადობის მოწმობის მფლობელის საკონტაქტო მონაცემებს, რის შემდეგაც
მას დაუკავშირდა.
„როგორც ადამიანი, რომელიც ყოველთვის ფრთხილობს და არავის
იოლად არ ენდობა, ცხოვრებაში პირველად გავხდი თაღლითობის მსხვერპლი.
ბილეთის თანხა ჩემთვის მთავარი არ არის, მთავარია, სხვა ადამიანები არ
გაებათ ამ მახეში.“
როგორ მუშაობს თაღლითური სქემა?
ნარგის ალიევას მიერ ჩატარებული პირადი გამოძიებისა და პოლიციაში
მიმართვის შემდეგ ამ დანაშაულებრივი სქემის მექანიზმი გამოიკვეთა:
ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა: თაღლითები TikTok-ზე ან სხვა
პლატფორმებზე აქვეყნებენ ყალბ განცხადებებს, სადაც წერენ: „ვინც
საბანკო ანგარიშს გვათხოვებს, თვეში 100 ლარის ჯილდოს მიიღებს“.
პერსონალური მონაცემების ხელში ჩაგდება:
ახალგაზრდები, რომლებსაც ნაკლები ინფორმაცია აქვთ საფრთხეების
შესახებ, თაღლითებს გადასცემენ პირადობის მოწმობებს, საბანკო
ანგარიშებსა და ინტერნეტ-ბანკის მონაცემებსაც კი (ლოგინი/პაროლი).
მსხვერპლებისგან თანხის გამოძალვა: ბილეთების თუ
სხვა მომსახურების ყიდვით დაინტერესებული მოქალაქეები თანხას რიცხავენ
ამ უდანაშაულო მესამე პირების (მაგალითად, იმავე ბოლნისის მცხოვრების)
ანგარიშზე.
თანხის კვალის წაშლა (გათეთრება): ანგარიშზე
ჩარიცხული თანხა მყისიერად გადადის ტოტალიზატორების (მაგალითად,
AdjaraBet), TikTok-ის, Google-ის ან ყალბ ანგარიშებზე, საიდანაც
ხდება მისი განაღდება და კვალის წაშლა.
მიმართვა პოლიციას და მოწოდება საზოგადოებას
ნარგის ალიევამ დაუყოვნებლივ მიმართა მარნეულის პოლიციის სამმართველოს
და განცხადება დაწერა. საქმეზე გამოძიება დაიწყო, ხოლო ახალგაზრდა,
რომლის ანგარიშიც თაღლითებმა გამოიყენეს, ოჯახთან ერთად დაიბარეს
პოლიციაში გამოკითხვაზე.
პოლიტიკოსი მოქალაქეებსა და განსაკუთრებით ახალგაზრდებს გაფრთხილებით
მიმართავს:
„მივმართავ ჩვენს ახალგაზრდებს: არცერთ შემთხვევაში არ
გადასცეთ თქვენი პერსონალური მონაცემები, საბანკო ანგარიშები და
პაროლები უცხო ადამიანებს. ციდან იოლი ფული არ ცვივა! ხოლო ყველა
მოტყუებულ მოქალაქეს მოვუწოდებ, თანხის ოდენობის მიუხედავად,
აუცილებლად მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს და გაასაჯაროონ ეს
ფაქტები. თუ დღეს ჩუმად ვიქნებით, ხვალ ჩვენი სხვა თანამოქალაქეები
გახდებიან ამ უსინდისო ადამიანების მსხვერპლი.“