აზერბაიჯანის რკინიგზა თბილისის მიმარტულებით რეისებს ამატებს
აზერბაიჯანის რკინიგზა (ADY) საერთაშორისო მიმართულებით გაზრდილი სამგზავრო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და მგზავრობის შესაძლებლობების გასაფართოებლად ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.

2026 წლის 1 ნოემბრიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ყოველდღიურად 4 რეისი შესრულდება. რეისების რაოდენობის გაზრდის შედეგად სამგზავრო ადგილების რაოდენობა 386-დან 564-მდე გაიზრდება, რაც თითქმის 50%-იან მატებას ნიშნავს.

ახალი რეისები მგზავრებს უფრო დაბალბიუჯეტიანი მგზავრობის შესაძლებლობასაც მისცემს. დამატებით რეისებზე სტანდარტული კლასის, ანუ ყოფილი პლაცკარტის

ვაგონების ბილეთების ფასი 36 აზერბაიჯანული მანათიდან დაიწყება. ახალი დაბალბიუჯეტიანი მგზავრობის არჩევანის საშუალებით მგზავრები 30%-ით უფრო იაფად შეძლებენ მგზავრობას.

მარშრუტის ერთი მიმართულებით მგზავრობის მინიმალური საფასური ბაქოდან თბილისამდე 54 აზერბაიჯანულ მანათს, ევლახიდან 44 მანათს, განჯიდან 41 მანათს, აღსტაფიდან 38 მანათს, ხოლო ბიოუკ-ქესიქიდან თბილისამდე 36 მანათს შეადგენს.

შედარებისთვის, ამჟამად ბაქოდან თბილისამდე „Stadler“-ის ვაგონებში კომფორტის კლასით მგზავრობის მინიმალური საფასური 77,50 აზერბაიჯანული მანათია, განჯიდან კი — 56,80 მანათი.

დამატებით რეისებზე ბილეთების გაყიდვა 2 ოქტომბერს დაიწყო. ახალი რეისების ამოქმედებით მგზავრებს ღამის მგზავრობასთან ერთად დღისით მგზავრობის შესაძლებლობაც ექნებათ. შესაბამისად, მგზავრები ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით მგზავრობის დროს საკუთარი გეგმის შესაბამისად შეარჩევენ.

ახალი განრიგის მიხედვით, ამჟამად მოქმედი ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებელი ბაქოს სადგურიდან 23:00 საათზე გავა და მომდევნო დღეს 08:41 საათზე თბილისში ჩავა. მატარებელი თბილისიდან 11:00 საათზე გაემგზავრება და 20:26 საათზე ბაქოს რკინიგზის სადგურში ჩავა.

ახალი რეისის მატარებელი კი ყოველდღიურად ბაქოდან 09:10 საათზე გავა და საქართველოს დედაქალაქში 19:11 საათზე ჩავა. საპირისპირო მიმართულებით მატარებელი 22:00 საათზე დაიძრება და მომდევნო დღეს 07:57 საათზე ბაქოში ჩავა.

ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ონლაინ ბილეთების შეძენის პროცესის გაუმჯობესებისა და შესაძლო ბოროტად გამოყენების შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, რამდენიმე სიახლეც ამოქმედდა.

ADY-ის ვებგვერდზე და „ADY Mobile“ აპლიკაციაში რეგისტრირებულმა მგზავრებმა პირადი კაბინეტის მონაცემების ვერიფიკაცია MyGov ID-ის გამოყენებით უნდა გაიარონ. ეს ნაბიჯი მგზავრების ინტერესების დაცვასა და ონლაინ ბილეთების შეძენის უფრო საიმედოდ ორგანიზებას ემსახურება. პირადი კაბინეტის მფლობელებმა შესაბამის ველში პირადი საიდენტიფიკაციო ნომრის (FİN) შეყვანის შემდეგ ყველა საჭირო ინფორმაცია უნდა მიიღონ. ბილეთის შესაძენად პირადი კაბინეტის ვერიფიკაციის დასრულება აუცილებელია.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა შესაბამის ველში უნდა მიუთითონ იმ ქვეყნის დასახელება, რომლის მოქალაქეებიც არიან, ასევე ამ ქვეყნის შესაბამისი ტელეფონის ნომერი. ტელეფონის ნომრის SMS-ით გამოგზავნილი OTP კოდით დადასტურების შემდეგ შესაძლებელი იქნება პირადი მონაცემების შეცვლა. ადრე რეგისტრირებულმა მომხმარებლებმაც ბილეთის შესაძენად ტელეფონის ნომერი OTP-ის საშუალებით უნდა დაადასტურონ.

ADY-ის ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით დამატებითი რეისების ამოქმედება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც მხარეებმა ხანგრძლივი ერთობლივი მოსამზადებელი, ტექნიკური და ორგანიზაციული სამუშაოები დაასრულეს.

ADY საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, მგზავრებისთვის კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობის უზრუნველყოფისა და გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიმართულებით ღონისძიებებს გააგრძელებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები