გადატვირთული ბაღები და უპასუხო კითხვები მარნეულში - როცა პრობლემის განხილვა არ ხდება
გადატვირთული საბავშვო ბაღები, არასაკმარისი საწოლები და წლობით გაურკვევლობაში მყოფი ინფრასტრუქტურული პროექტები - მარნეულელი მშობლები ბაგა-ბაღებში არსებულ პირობებზე სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ.


„სამარცხვინო საწოლები, ჩემი მეუღლის დროინდელი, პრუჟინებიც კი ჩავარდნილია, არანაირი სათამაშო, არანაირი აქტივობები ბავშვის განმავითარებელი, ამ ყველაფერზე ისევ მშობლები ვზრუნავთ, ფარდებიც კი მივიტანეთ საძინებელ ოთახში არც ეგ ქონდათ!!! წყლის და გათბობის პრობლემა, მართლა არ შეიძლება ასეთ სიტუაციაში

ბავშვის ყოფნა და განვითარება. სირცხვილიაააააა!!!!! არც დარეკვა შველის არაფერი, აუცილებელია მართლა სხვა ზომებს მივმართოთ???? იქნება ჩვენს შვილებზეც იზრუნოთ ვიმემ???!! თუ ჩვენი შვილები არ იმსახურებენ???!!!!!!“
- წერს ერთ-ერთი მშობელი რადიო „მარნეულის“ გამოქვეყნებულ მასალაზე, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტმა ახალი თეთრეული იმ სააღმზრდელო დაწესებულებისთვის იყიდა რომელიც არ ფუნქციონირებს.

მსგავსი სახის კომენტარებს არაერთი მშობელი წერს. რადიო „მარნეული“ რამდენიმე კვირაა ბაგა-ბაღების გაერთიანებასთან კომუნიკაციის დამყარებას უშედეგოდ ცდილობდა. კითხვებზე პასუხების მოპოვებას ახლა მერიის გავლით ვცდილობთ. უწყებაში გვითხრეს, რომ მათთან წერილით მიმართვა აჯობებდა და მერიას დღეს 9 ოქტომბერს ოფივიალური წერილი გავუგზავნეთ.

კანონმდებლობით, საჯარო ინფორმაციის მისაღებად უწყებას მაქსიმუმ 10 სამუშაო დღე აქვს, თუმცა, რადიო „მარნეულის“ პრაქტიკა აჩვენებს, რომ მსგავსი საკითხების მოკვლევა ხშირად იწელება. თითქმის არ გვახსენდება შემთხვევა, როდესაც უწყებას ინფორმაცია კანონით დადგენილ 10-დღიან ვადაში მოეწოდებინოს და პასუხები სრულყოფილი ყოფილიყოს.

მერიისთვის გაგზავნილ წერილში შემდეგი კითხვები დავაფიქსირეთ:

• სულ რამდენი ბავშვია რეგისტრირებული მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში მიმდინარე მდგომარეობით?
• რა არის თითოეულ ბაღში არსებული ჯგუფების საშუალო რაოდენობა, რამდენი მოსწავლე/აღსაზრდელი დადის თითოეულ ჯგუფში?
• არსებობს თუ არა რიგები (მოლოდინის სია, რეზერვი) ბაღებში მოსახვედრად და რამდენი ბავშვი ელოდება ადგილს?
რა ეტაპზეა მარნეულის N5 საბავშვო ბაღის (იაღლუჯის ქუჩა), N2 საბავშვო ბაღის (20 იანვრის ქუჩა), წერეთლისა და შულავერის ბაღების მშენებლობა? როდის დასრულდება და როდის იქნება შესაძლებელი მათი ფუნქციონირება.
• არის თუ არა მუნიციპალიტეტის არსებულ ბაღებში საკმარისი რაოდენობის ინვენტარი (მათ შორის, საბავშვო საწოლები, მაგიდები, სკამები და სათამაშო/სასწავლო მასალები)?
• ხომ არ ფიქსირდება სადმე საწოლების ან სხვა საბაზისო ინვენტარის დეფიციტი? თუ კი, რა საჭიროებას ხედავთ და არსებობს თუ არა გამოსავლის გზები.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები