„BEEZ“ საბავშვო თეატრი სპექტაკლს „ბიჭი წარსულიდან“ ქართულ ენაზე წარადგენს
გარდაბანში მოქმედი „BEEZ“ საბავშვო თეატრი სპექტაკლს „ბიჭი წარსულიდან“ ქართულ ენაზე დადგამს. სპექტაკლის პრემიერა 6 ნოემბერს, 17:00 საათზე, გარდაბნის კულტურის სახლში გაიმართება.

სპექტაკლის ქართულ ენაზე მომზადება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში გახდა შესაძლებელი. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ბინალი ისლამოღლუს თქმით, კოლექტივმა კონკურსში პროექტით „აზერბაიჯანული თეატრი ქართულ სცენაზე“ გაიმარჯვა. პროექტის ფარგლებში სპექტაკლი „ბიჭი წარსულიდან“ ქართულ ენაზე

დაიდგმება.

ბინალი ისლამოღლუს განცხადებით, ეს წარმატება თეატრის კოლექტივისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

„ეს წარმატება ჩვენთვის ორმაგ სიხარულსა და სიამაყეს ნიშნავს. აზერ მუსაოღლუს მიერ ბავშვებისთვის დაწერილი პირველი პიესა ქართულ ენაზე დაიდგმება. ჩვენთვის დიდი სიამაყეა, რომ აზერბაიჯანელი ავტორის პიესა ქართულ სცენაზე იქნება წარმოდგენილი. ეს ჩვენი თეატრის შემოქმედებით გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ამავდროულად, აზერბაიჯანულ და ქართულ კულტურებს შორის ლამაზი ხიდია“.

ისლამოღლუს თქმით, ეს თეატრის პირველი სპექტაკლია, რომელიც ქართულ ენაზე მომზადდა. პრემიერის შემდეგ კოლექტივი გასტროლებს გამართავს. სპექტაკლი 13 ნოემბერს მარნეულში, 20 ნოემბერს თბილისში, მირზა ფათალი ახუნდოვის მუზეუმში, ხოლო 27 ნოემბერს ბოლნისის კულტურის სახლში იქნება წარმოდგენილი.

„BEEZ“ საბავშვო თეატრის ქართულ ენაზე მომზადებული პირველი სპექტაკლით მაყურებელს ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე შევხვდებით. ეს ჩვენი თეატრის განვითარებაში ახალი ეტაპია და ჩვენთვის დიდი სიხარულია. მადლობას ვუხდით საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებით საქართველოს“ პროექტის მხარდაჭერისთვის“.

სპექტაკლის ავტორია აზერ მუსაოღლუ, რეჟისორი - ბინალი ისლამოღლუ, ქორეოგრაფი კი მაჰნურ ენვერია.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები