სოფელ კაჩაგანში იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებრივ ცენტრს ააშენებს
სოფელ კაჩაგანში იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებრივ ცენტრს ააშენებს. ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის მერის მოადგილემ, ლაშა ლობჯანიძემ , 24 იანვარს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა და თქვა, რომ იუსტიციის სამინისტროს მერიისგან მიწის ნაკვეთის გამოყოფას ითხოვს.

„კაჩაგანში 2 700 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გამოიყო და გადაეცა იუსტიციის სამინისტროს. იქ უახლოეს მომავალში საზოგადოებრივი ცენტრი განთავსდება. ფართი იძლევა იმის საშუალებას, რომ იქ დასასვენებელი სკვერიც მოეწყოს, რაც საზოგადოებისთვის ძალიან კარგი იქნება“- ამბობს ლაშა ლობჯანიძე

როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით მოსახლეობას საშუალება ექნება სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით. საზოგადოებრივი ცენტრის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და შპს მექანიზატორის სერვისებით.

რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2013 წლიდან ინტენსიურად მიმდინარეობს. ინიციატივის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

ამჟამად საქართველოს მასშტაბით 60 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია