სამ სხვადასხვა სოფლის გოგოს საერთო პრობლემას საზოგადოებრივი ტრანსპორტი უქმნის
რადიო მარნეულის ჟურნალისტი ფარვინ გაჯიევა დილის ეთერის წამყვანია. სამსახურში ხშირად დაგვიანებით მოდის, მიზეზად კი „მარშრუტკის“ არარსებობას ასახელებს.

ფარვინი მარნეულის სოფელ კირაჩ მუღანლოში ცხვრობს. დილით, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი განსაზღვრულ დროს არ ხვდება, ჯერ უშედეგოდ ელის, შემდეგ კი ალტერნატივის პოვნას ცდილობს.

მარნეულამდე ჩამოსვლის ერთადერთი ვარიანტი აქვს - ტაქსი, რომელიც მის სოფელში ხშირად არც დადის და თუ დაიჭერ, 30 ლარი ღირს. ხარჯის გასანაწილებლად მგზავრებს ეძებს და მანქანის საპოვნელად მეზობელ სოფელშ გადადის.



ტრანსპორტის პრობლემა აქვს მარგარიტა მისკარიანსაც. ფარვინისგან განსხვავებით, სოფელ დამიადან მარნეულში სამი საათით უნდა ჩამოვიდეს, მაშინაც კი, როცა საქმე გაცილებით მეტ დროს მოითხოვს.

სამარშრუტო ტაქსი მის სოფელში მხოლოდ კვირაში სამჯერ დადის და ისიც დილის 9 საათიდან დღის 12 საათამდე. რადიო მარნეულის "მედია სკოლის" მსმენელობა მისთვის დიდ სატრანსპორტო ხარჯს უკავშირდება.

ამის გამო გაკვეთილზე სკაიპით ერთვება, თუ ინტერნეტმა არ გაუჭედა. მარგარიტას სხვა ბევრ შესაძლებლობაზე უარის თქმა ტრანსპორტის გამო უწევს.





ლეილა სოფელ ხიხანის მკვიდრია. სკოლის მოსწავლე ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ დღის 4 საათამდე მუშაობს. პირადი გეგმები სამარშრუტო ტაქსის გრაფიკს უნდა მოარგოს.

ერთხელ მარნეულის კულტურის ცენტრში გამართულ სპექტაკლს რომ დასწრებოდნენ, მუნიციპალიტეტს ტრანსპორტის გამოყოფა სთხოვეს, თუმცა, ცხოვრების „მარშრუტკაზე“ მორგება არ გამოდის.




შ.პ.ს „მარნეულის ავტოპარკის“ დირექტორმა გიგა ჯალაღონიამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული პრობლემები არ აღიარა.

ამბობს, რომ ყველა ავტობუსი დროულად გადაადგილდება და ჩვენს მიერ წარდგენილი მაგალითები არ აღიარა. ჯალაღონია სოფლის მკვიდრებს იმედს არ აძლევს და ამბობს, რომ არსებული გრაფიკი არ შეიცვლება.

მუნიციპალიტეტს თანხები არც ტრანსპორტის შესაძენად აქვს გამოყოფილი, შესაბამისად ფარვინს, მარგარიტას და ლეილას პრობლემებთან გამკლავება მომავალშიც საკუთარი ძალებით მოუწევთ.








რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები