აბაზოვის გადადგომის განცხადება საკრებულომ ცნობის სახით, 3 წუთსა და 43 წამში, მიიღო (LIVE)
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თემურ აბაზოვის მიერ თანამდებობის დატოვების განცხადება ცნობის სახით დღეს, 14 თებერვალს მიიღო. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც 3 წუთისა და 43 წამის განმავლობაში გაგრძელდა, განსახილველი მხოლოდ ერთი საკითხი იყო.

მარნეულის ყოფილმა მერმა უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადება საკრებულოში 12 თებერვალს შეიტანა. საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, მას უფლებამოსილება განცხადების რეგისტრაციიდან მეორე დღეს, 13 თებერვალს შეუჩერდა.

აბაზოვისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისია რიგგარეშე არჩევნების თარიღს დანიშნავს, რის შემდეგაც მარნეული კვლავ წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში ჩაერთვება.

მერის არჩევნები 2019 წლის მაისში ჩატარდება, ვინაიდან აბაზოვმა თანამდებობა 15 თებერვლამდე დატოვა. შესაძლოა მისი გადაწყვეტილება ამ თარიღთანაც იყოს კავშირში, რადგან საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ მერს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები უახლოეს მაისში ჩატარდება.

იმ შემთხვევაში, თუ აბაზოვი განცხადებას 15 თებერვლის შემდეგ დაწერდა, არჩევნები ოქტომბერში გაიმართებოდა.

თემურ აბაზოვს პროკურატურამ 13 ივნისს მარნეულელი ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ბრალი წაუყენა. რაც მისთვის მერის უფლებამოსილების შეჩერების მიზეზი გახდა.

აბაზოვი შვიდი თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. დეკემბერში სასამართლომ იგი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

სამასართლო პროცესები ჯერ კიდევ გრძელდება.




რადიო „მანრეული“

Print