რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ პირველი რეგიონალური წარმომადგენელი ქვემო ქართლში დანიშნა +LIVE


დღეს, 11 მარტს, რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ რუსთავში სააგენტოს პირველი რეგიონალური წარმომადგენელი დანიშნა. ვაშაყმაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ რეგიონის მრავალრელიგიურობისა და მრავალეთნიკურობის გაამო მიიღო.

„საკმაოდ მრავალფეროვანია (ქვემო ქართლი) რელიგიური თვალსაზრისით და შესაბამისად, ამის აუცილებლობა რაც არსებობს ადგილზე, ოპერატიულად საკითხების მოგვარება, მეტი კომუნიკაცია რელიგიური ორგანიზაციების ერთმანეთში, მეტი კომუნიკაცია რელიგიურ ორგანიზაციებსა და ადგილობრივ თვითმმართველობასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, ამ საკითხების მოსაგვარებლად იქნება დამხმარე რგოლი.“ - განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ

რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ქვემო ქართლის წარმომადგენლად აბაი ფაშაევი დაინიშნა. რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ პრეზენტაციისას ფაშაევი საკმაოდ საინტერესო წარსულის მქონე პიროვნებად დაასახელა, რომელის ძირითადი პროფესია და სამუშაო მიმართულება განათლების კუთხითაა. ის მარნეულში ერთ-ერთ სკოლაში ქართული ენის პედაგოგად მუშაობდა, იყო სკოლის დირექტორის მოადგილე, მუშაობდა ქართლის სასკოლო ოლქის მთავარ სპეციალისტად და ა.შ.

აბაი ფაშაევის თქმით, მისი ძირითადი ფუნქცია რელიგიისა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების დამყარება იქნება. – „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც მოხდება რელიგიასა და მთავრობას შორის კონფლიქტი, ეს კომფლიქტი მოგვარდეს, ჩვენ ამ მხრივ ვიმუშავებთ. ვიმუშავებთ ასაევე ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც რელიგიის საკითხებში მუშაობენ.“

ფაშაევის თქმით, ის ხვალიდან დაიწყებს ქვემო ქართლში არსებული რელიგიური კომფესიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს, რათა განსაზღვროს ის ძირითადი საკითხები და გამოწვევები, რომლებზეც შემდეგ იმუშავებს.

ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, პირველი რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რეგიონალური წარმომადგენლის დანიშვნას დადებითად აფასებს.

„სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებს და უშუალოდ მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ პირდაპირ ჰქონდეს წარმომადგენელთან კომუნიკაცია და ამავე დროს, ოფისს ექნება საშუალება ჰქონდეს კოორდინაციის როლი და უფრო გააძლიეროს ის რელიგიური ორგანიზაციები და უშუალოდ ჩართოს სხვადასხვა რელიგიური კომფესიები მიმდინარე პროცესებში.“ - გვითხრა ზაურ დარგალმა

ქვემო ქართლის გარდა, რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები ასევე დაინიშნებიან აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში.


Print