მინიმალური დანახარჯი მარენულის მერობისთვის - ალი ბადიროვმა კენჭი შესაძლოა დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს
მარნეულში მერის არჩევნები ახლოვდება. მართალია, ოფიციალურად არჩევნების გამართვის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ კანონმდებლობის მიხედვით, მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში ჩატარდდება.

მარნეულში მერობის კანდიდატების განხილვა უკვე დაიწყო. ალი ბადიროვმა შესაძლოა დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს კენჭი. როგორც თავად ამბობს, ჯერ-ჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, მაგრამ უმეტესწილად კანდიდატურას წარადგენს.

„საუბარი არის, რომ საინიციატივო ჯგუფმა წარმადგინოს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. ისე არც ერთ პარტიასთან არ მაქვს შეხება და შესაბამისად, არც ერთ პარტიას არ უთხოვია, რომ მოდი ჩემი კანდიდატი იყავიო“ - ბადიროვი ასევე ამბობს, რომ საინიციატივო ჯგუფის შექმნა და მერობის კანდიდატად წარდგენისათვის საჭირო ხელმოწერების შეგროვება მას არ გაუჭირდება.

ბადიროვის თქმით, ის წინასაარჩევნო კამპანიაში მინიმალურ თანხას ჩადებს, რადგან კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის. თვლის, რომ გამარჯვება გარანტირებული არ აქვს, მაგრამ მისი მეორე ტურში გასვლის შანსი მაღალია.

„მე მარნეულისთვის არ ვარ ნამდვილად უცხო პირი, უცხო კანდიდატი, ამიტომაც ნებისმიერი სოფლიდან შეიძლება მხარი დამიჭირონ იმიტომ, რომ ყველა სოფელში მიცნობენ“ - ამბობს ალი ბადიროვი

ალი ბადიროვი თბილისში ცხოვრობს, ის 2015-16 წლებში მარნეულში ზედამხედველობის სამსახურის იურისტად მუშაობდა და როგორც ამბობს, სწორედ ამ სამსახურში მუშაობისას, სოფლებში ხშირი შეხვედრების შედეგად, მარნულის პრობლემატკა გაიცნო.

ბადიროვი ამჟამად მოქმედი ადვოკატი და საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელია.

ბადიროვის მიერ შესაძლო მერობის კანდიდატურის წაყენების შესახებ ინფორმაცია, ქართულ ენაზე, თავდაპირველად newspress.ge-მ გამოაქვეყნა. mediameter.ge-ს მიერ 2016 წელს გამოქვეყნებულ „რეკლამის და ინფორმაციის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო რესურსების განაწილების პრაქტიკის“ კვლევის მიხედვით newspress-ი სპუტნიკის ტირაჟირებას ახდენს და სააბიუჯეტო კონტრაქტებს იღებს. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ინტერნეტ გამომცემლობაში ქსენოფობიური გზავნილები და ანტიდასავლური გზავნილებიც ჭარბობს.

რადიო „მარნეული“


Print