ინფრასტრუქტურის მინისტრმა მარნეულში სტუმრობისას ქვემო ქართლის გაზრდილ ბიუჯეტზე გაამახვილა ყურადღება

დღეს, 14 მაისს,  საქართველოს ვიცე-პრემიერი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი  მარნეულს ესტუმრა. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან ერთად მოინახულეს რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. დაათვალიერეს მდინარე დებედას ნაპირსამაგრი სამუშაოები.

„არის ძალიან ინტენსიური სამუშაოები მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტზე. რეგფონდის პროექტების მიმართულებითაც ინტენსიური დინამიკაა და ახლა მდინარე დებედას კალაპოტის ნაპირსამაგრი სამუშაოების ადგილას ვიმყოფებით, სადაც  უკვე ძალიან მალე დასრულდება სამუშაოები. ორ კილომეტრიანი მონაკვეთია და მისი მნიშვნელობა ერთის მხრივ სტიქიის პრევენციას ემსახურება, მეორეს მხრივ აქ მცხოვრები ადამიანების სასოფლო-სამეურნეო მიწების დაცვას შესაძლო სტიქიებისგან.“- თქვა მაია ცქიტიშვილმა

მაია ცქიტიშვილის თქმით, წელს, ქვემო ქართლს ბევრად უფრო გაზრდილი დაფინანსება აქვს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. დაახლოებით 55 მილიონი ლარის პროექტებია, რომლის დიდი ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით იხარჯება.

სოზარ სუბარმა დღევანდელი დღე  მნიშვნელოვნად შეაფასა.

„შეიძლება თამამად ითქვას, რომ ისტორიული მნიშვნელობის პროექტები ხორციელდება ქვემო ქართლში და კონკრეტულად მარნეულში. ჯერ მარტო ის ფაქტი, რომ  38 000  ოჯახს ორ წელიწადში ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. მსგავსი მასშტაბის პროექტი არ განხორციელებულა ამ რეგიონში.“ -თქვა სოზარ სუბარმა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა თქვა, მარნეულში ძალიან ბევრი პროექტებია კიდევ სანახავი, რომელსაც ეტაპობრივად მოინახულებენ.

„მოვინახულეთ ძირითადად ყველა მნიშვნელოვანი პროექტი, რაც რეგიონალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება. ძალიან მასშტაბური პროექტებია: წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია,  სამი სოფლის აღმამედლო-ულაშლო-კასუმლოს გზის მნიშვნელოვანი პროექტი, მდინარე დებედას ნაპირსამაგრი სამუშაოები. ასევე მოვინახულეთ "კიდევაც დაიზრდებიან“, რომელიც კარგი სივრცე იქნება კულტურისა და დასვენებისათვის.“- გვითხრა შოთა რეხვიაშვილმა 

მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაზემ თქვა, რომ  დღევანდელი შეხვედრა ნაყოფიერი იყო და აღნიშნა, რომ  სტუმრებთან ერთად დასახეს მომავალში განსახორციელებელი პროექტების გეგმები


Print