სამართალდამცავ უწყებებს საქართველოს აზერბაიჯანელებთან დაპირისპირების ეშინიათ - თოზუ გულმამედოვა ქალთა მიმართ ძალადობაზე
არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ოფისში საქართველოს აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა, სამირა ბაირამოვამ და თოზუ გულმამედოვამ, პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ეთნიკური უმცირესობის წევრ ქალთა მიმართ ძალადობასა და სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირებაზე ისაუბრეს.

თოზუ გულმამედოვამ პრესკონფერენციაზე სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის ფაქტების უგულებელყოფაზე ისაუბრა და გაიხსენა შემთხვევა, როდესაც სამართალდამცავმა უწყებებმა მოქმედება მხოლოდ მაშინ დაიწყეს, რაც ძალადობის ფაქტი მედიასაშუალებების მიერ გაშუქდა.

„გოგო 3 წელი მოძალადესთან სამართლებრივად იბრძოდა. ცდილობდა სწავლის გაგრძელებას, უმაღლესში ჩაბარებას, მაგრამ ჩვენ ვეღარ დავეხმარეთ ამ გოგოს. ბოლოს შეეგუა იმ რეალობას, მეორედ რომ მოიტაცეს, დათანხმდა და ქორწილიც გადაიხადეს. როგორც მითხრა, რეალობას დავთანხმდიო. სამი წლის განამვლობაში ეძებდნენ ამ კაცს, მადლობა ღმერთს, ვიღაცამ გააშუქა და მეორე დღეს იპოვეს ბიჭი და დააკავეს. სანამ ეს გოგო იბრძოდა, ვერ იპოვეს, მაგრამ ორ დღეში მიაკვლიეს.
ჩვენი გოგოების ბედი დიდად არავის აინტერესებს. თუ ის კაცი სადღაც იმალებოდა, ან გოგოს როგორ მოიტაცებდა მეორედ შუა სოფლიდან, ან ქორწილს ხომ ვერ გადაიხდიდა”
- თქვა თოზუმ პრესკონფერენციაზე

აქტივისტმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ ერთადერთი გამოსავალი, რომ ახალგაზრდა გოგონები ძალადობის მსხვერპლნი არ გახდნენ, სახელმწიფო უწყებების ამოქმედებაა.

„კანონი რეალურად ჩვენ გვიცავს, მაგრამ მის აღსრულებაში პრობლემები გვაქვს და ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს სახელმწიფომ“ - თოზუ თვლის, რომ სამართალდამცავების უმოქმედობის მიზეზი ეთნიკურად აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებთან დაპირისპირების შიშია.

გულმამედოვას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ქალთა მიმართ ძალადობაზე და ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებზე მუშაობენ, თუ სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს არ გადადგავს, პრობლემა კვლავ მოუგვარებელი დარჩება.

რადიო "მარნეული"


Print