რატომ დგას ნაშირ ორდუხანოვი აქციაზე

„ჩემი მიზანი თავისუფლებაა. ყველა უნდა ჰქონდეს სიტყვის თავისუფლება, რელიგიის თვისუფლება.“ - ეს სიტყვები ბოლნისში მცხოვრებ მეორე კურსის სტუდენტს, ნაშირ ორდუხანოვს ეკუთვნის, რომელიც თბილისში რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე აქციას შეუერთდა და ფართო აუდიტორიას ტრიბუნიდან პირველად მიმართა. ნაშირი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე სწავლობს.

როგორც რადიო „მარნეულთან“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, ის დამოუკიდებელი, აპოლიტიკური ადამიანია და პროტესტის გრძნობა არსებული გარემოებიდან გამომდინარე დაეუფლა.

„მე უნივერსიტეტში ვიყავი, როდესაც ინტერნეტში ვნახე ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი ჩვენს პარლამენტში მოვიდა, ამის პროტესტად მე და ჩემი 15 მეგობარი აქციაზე წამოვედით. მთავარი მოტივი იყო გაგვეპროტესტებინა რუსი დეპუტატის საქართველოში ყოფნა. მე არცერთი პარტიის წარმომადგენელი არ ვარ. ის , რაც მოხდა, ძალიან დიდი სირცხვილია და სიტყვები ზედმეტია. ის, ვინც ამბობს, რომ საქართველო ჩემი სამშობლოაო, რუსთაველზე წასვლა მისი ვალია. მნიშვნელობა არ აქვს ის აზერბაიჯანელია თუ ქართველია, ან სხვა რომელიმე ეთნიკური უმცირესობების ან რელიგიის წარმომადგენელია, ამას ჩემთვის მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს.“ - გვითხრა ნაშირ ორდუხანოვმა.

ორდუხანოვი ახლაც ემოციით იხსენებს 23 ივნისს, ამაღელვებელ გამოსვლას. ამბობს, რომ ძალიან ნერვიულობდა თუმცა, მთავარი სათქმელის მიტანა შეძლო.

ორდუხანოვის გამოსვლა შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები