სიახლე
მარნეულის სკოლების ვაკანტურ ადგილებზე პედაგოგებს მასწავლებლის სახლი გაგზავნის
მარნეულის მუნიციპალიტეტის 25-მა საჯარო სკოლამ 2019-20 სასწავლო წლის დაწყებამდე გამოცხადებულ ვაკანსიაზე 82 პედაგოგი მიიღო. მათი უმრავლესობა 35 წლამდე ასაკის არის.

მარნეულის მასშტაბით 29 სკოლა 110 მასწავლებელს ეძებდა. ოთხ საჯარო სკოლაში სხვადასხვა საგნის მასწავლებელი საერთოდ ვერ მიიღეს. არაფლოს საჯარო სკოლაში მუსიკის, შაუმიანის N1 სკოლაში ქიმიის, ხიხანში ფიზიკის, ხოლო ხოჯორნის საჯარო სკოლაში რუსული ენის მასწავლებლები არ ჰყავთ, რის გამოც ზემოაღნიშული გაკვეთილები ბავშვებს არ უტარდებათ.

„დღეს ვიყავი რესურსცენტრში და მითხრეს, რომ თუ ამ სემესტრში მასწავლებელს ვერ ვიპოვით, მაშინ მომდევნო სემესტრიდან, იანვრიდან, ეს ბავშვები გაორმაგებულად ისწავლიან საგანს“. - გვითხრა შაუმიანის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა არტუშ ურუმიანმა

მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლამ სხვადასხვა საგნის მასწავლებლის მიღება ვერ შეძლო. ამის მიუხედავად, სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. საგაკვეთილო საათები სხვა მასწავლებლებს, ზეგანაკვეთურის სახით გადაუნაწილეს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ისეთ სკოლებში, სადაც ვაკანტურ ადგილებზე მასწავლებლების შერჩევა ვერ მოხერხდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (მასწავლებლის სახლი) პედაგოგებს გაგზავნის.

„ამ პროგრამის ფარგლებში მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მიავლენს მასწავლებელს და სრული დატვირთვით ისწავლიან ბავშვები. ისე დამთავრდება სასწავლო წელი, რომ ერთი საათიც არ დააკლდებათ და ბავშვებს აუნაზღაურდებათ ყველა გაკვეთილი“. - ამბობს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლალი როზომაშვილი

რადიო „მარნეულის“ გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა, რომ ტექნიკური საგნების პედაგოგების პოვნა რეგიონში ყველაზე მეტად გაუჭირდათ. განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ ამ მიმართულებით მუშაობენ.

„ხელფასების იმხელა მატებაა სკოლებში, სკოლის დირექტორებსაც მოემატებათ მომავალში, რესურსცენტრებსაც და ადმინისტრაციებსაც. ყველას მოემატება და ამაზე დიდი მოტივაცია რა არის?!“ - გვითხრა ლალი როზომაშვილმა

სკოლებში პედაგოგის ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საპენსიო ასაკის მასწავლებლებს, სასწავლებლის დატოვების სანაცვლოდ ჯილდო, - ორი წლის ხელფასი და სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევა შესთავაზა.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია