მარნეულში არასრულწლოვანი მოსწავლის დანიშვნის ფაქტზე დირექტორმა რეაგირება არ მოახდინა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალის საჯარო სკოლაში 16 წლის გოგოს დაინიშვნის ფაქტი ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ ამავე სოფლის მკვიდრმა მოაწოდა. სკოლის დირექტორს ნანა პაკელიანს გაუკვირადა თუ საიდან გვქონდა ინფორმაცია, თუმცა ფაქტი აღიარა, და თქვა, რომ გოგო საზაფხულო არდადეგებზე დაინიშნა და ამის გამო  რეაგირების ვალდებულებას ვერ ხედავს

„ვეღარ ჩავერიე, თან მშობლებმა მითხრეს, სკოლას დავამთავრებინებთო და რა მეთქვა? გოგო ჩვეულერივად დადის კოლაში. ის დანიშნულია, არ ცხოვრობს ქმართან, კანონით შეუძლია იაროს, ისწავლოს და დაამთავროს და ჩვეულებრივად აიღოს ატესტატი. რომ მოვედი არდადეგებზე მითხრეს, რომ დაინიშნაო. ჩვეულებრივად დადის სკოლაში, წაყვანილი არ არის, ქორწილი არაა გაკეთებული“.

დღეს არასრულწლოვანის კლასშიც ვიყავით, გოგო ადგილზე არ დაგვხვდა. სკოლის გაცდენის მიზეზად კი თანატოლებმა საოჯახო საქმეები დაასახელეს.

მოსწავლე- დღეს არ არის,მას.

დირექტორი - გუშინ იყო?

მოსწავლე - კი, მას.

დირექტორი - რატომ არ არის დღეს, მოვა?

მოსწავლე - არა, მუშაობენ.

დირექტორი - სად მუშაობენ, ყანაში?

მოსწავლე - დიახ.


დანიშნული გოგოს კლასში სიით 11 მოსწავლე ირიცხება. ჩვენ კლასის ჟურნალში არასრულწლოვანის აკადემიური მოსწრებაც შევამოწმეთ. მას 16 სექტემბრიდან დღემდე,  6 გაცდენა აქვს, თუმცა დღევანელი „არა“ მასწავლებელს არ დაუფიქსირებია. 

შენიშვნა: გაირკვა, რომ მასწავლებელი 16 ოქტომბერს "არა-ს" ვერ დაწერდა, რადგანაც ქართული, როგორც მეორე ენა" ჩვენი მისვლის შემდეგ ჩაუტარდათ. თუმცა როგორც ჩანს, მასწავლებელი ამავე ჟურნალში ქულებს არ წერს. 



აღსანიშნავი ისიც რომ მას საკმაოდ მაღალი ქულები უწერია. საკოლის დირექტორი ამტკიცებს, რომ ასეთი შემთხვევები სკოლაში ხშირი არაა და ადრეული ქორწინებები წარსულში უფრო ხდებოდა.

სახალხო დამცველის გენდერის რეგიონალურმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლში მარიამ გვიდიანმა კონკრეტული ქეისი ვერ შეაფასა, თუმცა ზოგადად მიმოხილვა გააკეთა ნიშნობების ფაქტებთან დაკავშრებით და თქვა, რომ სკოლებში  რეფერირების განხორციელების მექანიზმი დაბალია.

„ნიშნობა, როგორც იცით, არ არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი დანაშაული, თუმცა სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გოგოების ნიშნობა არის ერთგვარი დისკრიმინაციული პრაქტიკა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნიშნობის შემთხვევაშიც გოგოებს ეზღუდებათ გარკვეული ქმედებები. მათ შეიძლება შეუზღუდონ გადაადგილების უფლება, შესაძლოა გადაწყვეტილებები თავისით ვეღარ მიიღონ. ნიშნობა არის მანკიერი პრაქტიკა და სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ უნდა აღმოიფხვრას“

მარიამ გვიდიანი ამბობს, რომ ნიშნობის შემთხვევებზე სკოლა რეაგირებას უნდა ახდენდეს.

„ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ნიშნობის შემთხვევები აუცილებლად უნდა იქნეს შესწავლილი და სკოლამ ნიშნობის ყველა შემთხვევაზეც უნდა მოახდინოს რეფერირება, უნდა დაიცვას ეს პროცედურა და ეჭვის გაჩენის შემთხვევებშიც, რომ ბავშვი სკოლაში არ დადიან, რამდენიმე დღეა არ გამოცხადდა და მიზეზი არ ვიცით, სკოლას უნდა შეეძლოს იცოდეს თავისი მოსწავლის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. იმ შემთხვევაში თუ ამის მიზეზად ნიშნობა გამოიკვეთება, აუცილებლად უნდა განახორციელოს რეფერირება სოციალურ სააგენტოში და თუ არის ეჭვი, რომ იძულებასაც შესაძლოა ჰქონდეს ადგილი, ამ შემთხვევაში პოლიციაშიც“

შინაგან საქმეთა სამინისტოს 2018 წლის 9 თვის მონაცემების მიხედვით, ადრეული ქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენეელი, მარნეულშია. ფაქტზე მიმართვიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით კი სკოლები გამოირჩევიან (3%). ხშირია შემთხვევები, როდესაც სკოლის ადმინისტრაცია მსგას ფაქტებს მალავს.

2016 წლიდან სკოლებში ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) მექანიზმი ფუნქციონირებს (შემდგომში - რეფერირების პროცედურები) რომლის მიზანია ოჯახში და მის გარეთ ბავშვის ძალადობის ყველა ფორმისგან დაცვის ხელშეწყობა, რეფერირების პროცედურების კოორდინირებული და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების გზით. განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ იმ შემთხევაშ თუ არასრულწლოვანი თხოვდება/ქორწინდება სკოლა ვალდებულია შეატყობინოს სოციალური მომსახურების სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინსტროს. ამ ფაქტების მონიტორინგს და სტატისტიკას უკვე რამდენიმე წელია განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს.




ფოტო: სოფო აფციაური
Print