მერიის კუთვნილ ქონებას არაუფლებამოსილი პირები თვითნებურად განკარგავენ
მარნეულის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ისეთი ქონება გააჩნია, რომელიც არ არის განკარგული. სახელმწიფო აუდიტი აღნიშნული ქონების მდგომარეობით დაინტერესდა. საკითხის შესწავლით, გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტის განუკარგავი ქონების ნაწილი, არაუფლებამოსილი პირების მიერ უკანონოდ გამოიყენება კომერციული საქმიანობისათვის.

მაგალითად, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოთხოვნით, საიჯარო ქირის მიღების მიზნით, 2017 წლის 13 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტს დამატებითი ქონების სახით სახელმწიფოსგან გადაეცა, აღმაშენებლის ქუჩაზე (ბაზრის ტერიტორია) არსებული 30 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ ფართზე განთავსებულია სავაჭრო ობიექტები (მაღაზია). მიუხედავად იმისა, რომ ფართის მუნიციპალურ საკუთრებად დარეგისტრირებიდან გასულია 17 თვეზე მეტი, ობიექტის განკარგვა სამართლებრივად არ არის მოწესრიგებული. შედეგად, ფართის განმკარგველი არ იხდის ქირას და მუნიციპალიტეტი ვერ იღებს შემოსავალს. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ობიექტის მოსარგებლე არის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული პირი. 



მუნიციპალურ საკუთრებას წარმოადგენს ამავე ტერიტორიაზე არსებული 39 კვ.მ და 4 კვ.მ ფართები, რომლებიც ასევე გამოიყენება კომერციული საქმიანობისათვის არაუფლებამოსილი პირების მიერ.


აღსანიშნავია, რომ ქ. მარნეულში, ბაზრის ტერიტორიაზე არსებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით, აღნიშნული ფართების იჯარის წესით გაცემის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი წლიურად მიიღებდა დაახლოებით 16.0 ათასი ლარის შემოსავალს -წერია აუდიტის დასკვნაში

მარნეულში, აღმაშენებლის ქუჩაზე, საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული 1830 კვ.მ 17 , 576 კვ.მ 18 და 162 კვ.მ 19 ფართები, უნებართვოდ გამოიყენება ფასიან ავტოსადგომად. შედეგად, ფართის განმკარგველი არ იხდის ქირას და მუნიციპალიტეტი ვერ იღებს შემოსავალს. 



აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ, მუნიციპალიტეტის მიერ იჯარით, პირდაპირი განკარგვის წესით გაცემულია ფართი20, 1 კვ.მ წლიური ღირებულებით - 16 ლარი, რომელიც ასევე გამოიყენება ფასიან ავტოსადგომად. აღსანიშნავია, რომ განუკარგავი ტერიტორიის იჯარით, თუნდაც 16 ლარად გაცემის შემთხვევაში მუნიციპალიტეტი წლიურად - 41.0 ათას ლარს მიიღებდა, ხოლო საბაზრო ღირებულებით გაცემის შემთხვევაში გაცილებით მეტს.

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე , ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, 555 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - უნებართვოდ შემოღობილი აქვს კერძო პირს და ეწევა კომერციულ საქმიანობას



ასევე გამოვლინდა, რომ სოფელ სადახლოში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ კულტურის სახლის შენობაში და მის ეზოში (ს/კ83.16.13.017), უნებართვოდ მოწყობილია კვების ობიექტი (ე.წ. „ჩაიხანა“), ხოლო იმავე სოფელში მდებარე სხვა შენობაში (ს/კ83.16.07.518), უნებართვოდ განთავსებულია სილამაზის სალონი.




სოფელ აღმამედლოს კულტურის სახლში, ასევე განთავსებულია ე.წ. „ჩაიხანა“. 

სოფელ ხოჯორნში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ერთ-ერთ შენობაში მოწყობილია სავაჭრო ობიექტი (შერეული საქონლის მაღაზია).

მარნეულის მუნიციპალიტეტს იჯარით, შესაბამისი დასაბუთების გარეშე, პირდაპირი განკარგვის წესით, საბაზროზე ნაკლები ღირებულებით გაცემული აქვს სხვადასხვა სახის ობიექტები. ასევე, მუნიციპალიტეტის ქონების ნაწილი, არაუფლებამოსილი პირების მიერ უკანონოდ გამოიყენება კომერციული საქმიანობისათვის. ამასთანავე, მოიჯარეების ნაწილს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ გადაუხდია საიჯარო ქირა. შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ ქონების განკარგვა ხორციელდება არაპროდუქტიულად. - წერია აუდიტის დასკვნაში

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტს არ გააჩნია ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომელიც დროულად გამოავლენს მუნიციპალური ქონების არაუფლებამოსილი პირების მიერ თვითნებურად გამოყენების ფაქტებს და მიიღებს შესაბამის ზომებს.

ფოტოები აღებულია აუდიტის ანგარიშიდა, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტზე მომზადდა
Print