„ყველა რეკომენდაცია აუცილებლად იქნება გათვალისწინებული“ - მარნეულის მერი სახელმწიფო აუდიტის ანგარიშზე
„ყველა რეკომენდაცია, რაც მიღებული გვაქვს, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამაზე მუშაობა და ყველა ის საკითხი, ყველა ის საჭიროება რომელიც უნდა გაკეთდეს, უნდა მოგვარდეს, აუცილებლად მოგვარდება“ – განაცხადა მარნეულის მერმა ზუარ დარგალმა რადიო „მარენულთან“ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშზე საუბრისას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შეუსაბამობის ანგარიშის მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 2017-2018 წლებში მუნიციპალური ბიუჯეტი არაეფექტურად გახარჯა.

„მარნეულის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლის სათანადო დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც ინფრასტრუქტურული პროექტების სახით განსაზღვრული პროდუქტი მოსახლეობას დადგენილ დროში ვერ მიეწოდა. აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირების მიერ მიღებულ არაეფექტიან გადაწყვეტილებებზე“ - წერია აუდიტის დასკვნაში

აუდიტის ანგარიშში მოხვდა მერიის მიერ პირდაპირი განკარგვის წესით გაცემული ობიექტებიც. 2019 წლის 1 იანვრის მონაცემებით მუნიციპალიტეტს სულ 29 ფართი ჰქონდა იჯარით გაცემული, რომელთა გაცემის დროსაც აუქციონის ფორმა მხოლოდ 2-ჯერ იყო გამოყენებული. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, პასუხისმგებელი პირის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული თუ რატომ მიენიჭა პირდაპირი განკარგვის ფორმას უპირატესობა.

ანგარიშში ასევე საუბარია მერიის წარმომადგენლების მიერ საწვავის არამიზნობრივ მოხმარებაზე, ტენდერების ვადებში შეუსრულებლობაზე, იჯარით აღებულ ობიექტებში დიდი თანხის გადახდასა და ა.შ.

როგორც ჩვენთან საუბრისას მარნეულის მერმა განაცხადა, გარკვეული საჯარო მოხელეების მიმართ პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება საგამომძიებლო ორგანოების პრეროგატივაა.

„რაც შეეხება თანხების გაფლანგვას და ა.შ. ეს არ არის მერის კომპეტენცია, ამით დაკავებულები არიან შესაბამისი უწყებები, მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ შედეგებს“ - ამბობს ზაურ დარგალი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შეუსაბამობის ანგარიშთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

რადიო „მარნეული“

Print