„მწვრთნელებისა და ჯგუფების რაოდენობა სავარაუდოდ გაზრდილია ხელოვნურად“ - სახელმწიფო აუდიტი მარნეულის „სპორტსკოლაზე“
„არსებობს რისკი, რომ სპორტსკოლაში ჯგუფების სავარჯიშო პროცესის ჩაუტარებლობას აქვს სისტემური ხასიათი და მწვრთნელებისა და ჯგუფების რაოდენობა სავარაუდოდ გაზრდილია ხელოვნურად.“ - აღნიშნულია მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შეუსაბამობის აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის სამსახურმა 2019 წლის აპრილში, შემთხვევითობის პრინციპით, მარნეულის „სპორტსკოლის“ რამდენიმე ჯგუფი გადაამოწმა. შემოწმების შედეგად აუდიტმა „სპორტსკოლის“ საქმიანობაში რიგი შეუსაბამობები გამოავლინა.

19 აპრილს სპორტსკოლის დარბაზში ერთდროულად, 5 მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ძიუდოს 5 ჯგუფის ვარჯიში უნდა გამართულიყო, თუმცა ადგილზე მხოლოდ ერთი ჯგუფი აღმოჩნდა.

„პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ორი მწვრთნელი იმყოფებოდა ქ. თბილისში შეჯიბრებაზე, ხოლო ორს, ვარჯიშის ჩაუტარებლობის გამო, მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება. გარდა ამისა დარბაზის ფართობიდან გამომდინარე აუდიტის ჯგუფის მოსაზრებით, არსებობს რისკი იმისა, რომ 5 ჯგუფი ერთდროულად ვერ შეძლებს ვარჯიშს.“ - წერია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში

აუდიტის ანგარიშში სხვა დარღვევებზეცაა საუბარი. მაგალითად, 17 და 19 აპრილს მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე 4 საფეხბურთო გუნდის ვარჯიში უნდა გამართულიყო, მაგრამ არცერთი არ ჩატარდა. 17 აპრილს სოფელ დიოკნისეში არ ჩატარებულა მშვილდოსნობის ჯგუფის ვარჯიში. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ვარჯიში არ ჩატარდა ვინაიდან გადატანილი იქნა სხვა დღეს სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე. ამავე დღეს, მხატვრული ტანვარჯიშის ვარჯიშზე 30 ბავშვის ნაცვლად 3 იღებდა მონაწილეობას.

როგორც ჩვენთან საუბრისას მარნეულის „სპორტსკოლის“ დირექტორმა იაგო ნავერიანმა განაცხადა, აუდიტის სასმახურმა კვლევლევა 2017-2018 წლის მონაცემებზე დაიწყო, რის გამოც სპორტსკოლამ მათ 2018 წლის ვარჯიშების განრიგი გადაუგზავნა.

„2018 წლის დოკუმენტები რომ მომთხოვეს ვარჯიშის ჩატარების გრაფიკიც 2018 წლის მივეცით, მეგონა რომ ამ წლის შემოწმება უნდოდათ. ესენი 2018 წლის გრაფიკით 2019 წელს წამოვიდნენ, რომელიც, რა თქმა უნდა, არ დაემთხვა“ - გვეუბნება იაგო ნავერიანი

აუდიტის მიხედვით, სპორტულ სკოლაში გახსნილია 19 სახეობის 56 ჯგუფი, რომელშიც დასაქმებულია 55 მწრთვნელი და ვარჯიშობს 1 902 მოზარდი.

სპორტულ სკოლას 2017-2018 წლებში მარნეულის მუნიციპალიტეტისაგან სუბსიდიის სახით 2 026 200 ლარი აქვს მიღებული. სახელმწიფო აუდიტი მიუთითებს, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან ა(ა)იპ „მარნეულის სპორტული სკოლის“ საქმიანობაზე შესაბამისი კონტროლის მექანიზმები დაწესებული არაა.

რადიო „მარნეული“

Print