მარნეულის მერიამ წითელსოფლიდან სახიფათო ნარჩენების გატანა მედიაში გასული სიუჟეტების შედეგ დაიწყო
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ წითელსოფლიდან სახიფათო ნივთიერების შემცველი ნარჩენების გატანა მედიაში გასული სიუჟეტების შემდეგ დაიწყო.

წითელსოფლის მოსახლეობას ჯანმრთელობისათვის სახიფათო ნივთიერების შემცველი ნარჩენები მარნეულში, 11 ივლისს მომხდარი სტიქიური მოვლენის შემდეგ სახლების წინ უყრიათ. ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალმა კვირამ“ გაავრცელა.

მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა, დღეს 12 ნოემბერს, ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ დღეიდან წითელსოფელში არსებული ჯანმრთელობისათვის სახიფათო ნარჩენების გატანა დაიწყო.
11 ივლისს, მარნეულში ძლიერი სტიქიური მოვლენის შედეგად, წითელსოფელსა და კიდევ რადმენიმე სოფელში 391 სახლის სახურავი დაზიანდა.

საქართველოს მთავრობამ იმ ოჯახებისათვის ვისი სახლის სახურავიც დაზიანდა, გადასახური მასალის შესაძენად 1 200 000 ლარი გამოყო. მოსახლეობას გადასახური მასალა გადასცეს, მაგრამ მათ სახლის სახურავების შეცლაში არავინ დახმარებია.

წითელსოფელში, სახლების უმეტესობის სახურავი აზბესტის მასალისაგან იყო დამზადებული. აღნიშნული მასალა კი ჯანმრთელობისათვის საფრთხისშემცველია და მისი ღია წესით გადაყრაც კი აკრძალულია. როგორც „ახალ კვირასთან“ საუბრისას შრომის, მედიცინის და ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფილაქტიკური ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ინგა ღვინერიამ თქვა, აზბესტის სახურავის დამტვრევისას ხდება აზბესტის ბოჭკოების გამოყოფა, რომლის ორგანიზმში მოხვედრაც ავთვისებიანი სიმსივნის გამომწვევია.

როგორც რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სახურავების შეცვლის დაწყებისას მუნიციპალიტეტმა წითელსოფლიდან 14 მანქანა აზბესტის სახურავის ნარჩენი გაიტანა. მერიამ ნარჩენების გატანის სამუშაოები გარემოს დაცვის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე შეაჩერა.

11 ნოემბერს, რადიო „მარნეულთან“ საუბრისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობს სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამინისტრო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობდა და მერიისათვის წერილს ამზადებდა სადაც დეტალურად იქნებოდა აღწერილი თუ სად და როგორ უნდა განთავსდეს აზბესტის სახურავების ნარჩენები.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები