მარნეულში მცხოვრები ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი მოძრაობა „ლელოს“ შეუერთდა
ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი, რომელიც მარნეულში ცხოვრობს, პლატფორმა „ლელოს“ შეუერთდა.

როგორც სმიტმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, მან „ლელოში“ გაწევრიანება ჩვენს ქვეყანაში ნამდვილი ცვლილებების მიღწევის მიზნით გადაწყვიტა.

„დავინახე, რომ ამ გუნდში არის თავმოყრილი საკმაოდ დიდი გამოცდილება, პროფესიონალიზმი, ცოდნა და ასევე, ჩემთვის მნიშვნელოვანია ისეთი საკითხები როგორიცაა, ღირსეული შრომის პირობები, ღირსეული შრომის ანაზღაურება, ეკოლოგია და სხვადასხვა თემები და მე ეს ყველაფერი მივიღე ამ გაერთიანების ლიდერებისგან“ - განაცხადა ჯოზეფ ალექსანდერ სმიტმა

სამოქალაქო მოძრაობა „ლელო“ 2019 წლის 12 სექტემბერს დააარსეს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა და ყოფილმა მმართველებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ. „ლელოს“ დამფუძვნებლებმა განაცხადეს, რომ ახლო მომავალში პოლიტიკურ პარტიასაც შექმნიან. სმიტმა რადიოსთან საუბრისას თქვა, რომ ის პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებასაც გეგმავს.

ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი მარნეულში რამდენიმე თვის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად. როგორც ის ამბობს, მიუხედავად საქალაქთშორისო ტრანსპორტის გაუმართაობისა, მარნეულში დარჩენას და აქ მუშაობას გეგმავს.

„მე არ ვფიქრობ, რომ ეს მოძრაობა თავისი მუშაობით მხოლოდ ერთ რეგიონზეა ორიენტირებული. ცხადია, ახალი წევრების უმრავლესობა ცხოვრობს თბილისში, მგონი მე ერთადერთი ვარ ვინც რეგიონში ცხოვრობს, მაგრამ ის საკითხები რომლებზეც „ლელო“ მუშაობს, ახლა როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა და მომავალში, როგორც პოლიტიკური პარტია, ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი საკითხებია“ - გვითხრა ჯოზეფ ალექსანდერ სმიტმა

სმიტის განცხადებით, „ლელოელებს“ სხვა პოლიტიკური ჯგუფებისაგან განსხვავებული მიდგომა აქვთ და ისინი მარენულელებთან და სხვა რეგიონის წარმომადგენლებთან ისე აპირებენ საუბარს, როგორც საქართველოს მოქალაქეებთან და არა როგორც ეთნიკურად აზერბაიჯანელებთან.

მამუკა ხაზარაძემ ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი და „ლელოს“ კიდევ 11 ახალი წევრი დღეს, 15 ნოემბერს, წარადგინა. სმიტი პარტია „ლელოსაც“ შეუერთდება, რომელსაც მამუკა ხაზარაძე 12 დეკემბერს წარადგენს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები