მარნეულის მერია დაახლოებით 100 სტუდენტის მგზავრობის დაფინანსებას აპირებს
„ჩვენი ინიციატივით 2020 წელს დავამატებთ სტუდენტების ტრანსპორტირების დაფინანსებას. თავისთავად, ეს დაფინანსება მოხდება გარკვეული კრიტერიუმებით, რომლებიც ჩვენ უკვე ჩასმული გვაქვს, ეს იქნება დაახლეობით 5-6 კრიტერიუმი, ესაა სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი და ა.შ.“ - განაცხადა მარენულის მერმა ზაურ დარგალმა 28 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მარნეულის მერიაში გაიმართა რომელსაც მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, მუნიციპალური ა.ა.ი.პ-ებისა და შ.პ.ს-ების თანამშრომლები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საჯარო განხილვა კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართა. რადიო „მარნეულის“ კითხვაზე, თუ რამდენ სტუდენტს დაუფინანსებს მერია მგზავრობის საფასურს და რა წესით მოხდება მათი შერჩევა მარნეულის მერმა განაცხადა, რომ ყოველწლიურად მერია დაახლოებით 100 სტუდენტს დააფინანსებს.

„დაახლეობით გათვალისწინებულია მინიმუმ 100 სტუდენტზე და ყოველთვირად ჩვენი გეგმით იქნება 50 ლარი გზის დაფინანსებაზე მხარდაჭერა. სამუშაო პროცესში ვართ ჯერ კიდევ და ამ საკითხზე ვმუშაობთ“ - განაცხადა ზაურ დარგალმა

მარნეულის მერის კომენტარიდან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2020 წლის ბიუჯეტში სტუდენტების მგზავრობის დაფინანსებისათვის 60 000 ლარამდე იქნება გამოყოფილი.

რადიო „მარნეული“

Print