საიმერლოს რამდენიმე ქუჩაზე, დაზიანებული გზების გამო, საჯარო ტრანსპორტი შესვლას თავს არიდებს
რამდენიმე თვეა, რაც მარნეულის მუნიციპალური ტრანსპორტი სოფელ საიმერლოს შიდა გზებზე ამოვარდნილი გრაფიკით მუშაობს. მაგალითად, თუ აქამდე მოსახლეობამ მიახლოებით მაინც იცოდა როდის უნდა გამოევლო ტრანსპორტს, ახალა ეს სიტუაცია შეიცვალა და  მათი მარნეულამდე ჩამოსვლის დრო მძღოლების „კეთილ ნებაზეა“ დამოკიდებული. მსგავსი პრობლემა სამ უბანზეა,  კერძოდ - ზაზა ბოჭოიძის, ბარათაშვილის და შამათავს ქუჩებზე. სოფელში ტრანსპორტის გრაფი მას შემდეგ აირია, რაც  წყალარინების მშენებლობის მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყეს, რის შედეგადაც ასფალტი დაზიანდა.

„მე, მაგალითად, არ ვიცი ჩვენი მუნიციპალური ტრანსპორტის გრაფიკი. ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენს ქუჩაზე აღარ შემოდის. დღეს 20 წუთი ვიდექით გარეთ, მე და ჩემი კოლეგა, არაფერმა გამოიარა, ბოლოს გაჩერებამდე ავედით და წუთი-წუთზე ტრანსპორტმა ისე გაგვასწრო, რომ ჩვენი უბნის მიმართულებით აღარ წამოვიდა. მძღოლებთან უკმაყოფილება რომ გამოვხატეთ, მხოლოდ მაშინ წამოვიდა ერთ-ერთი მძღოლი შემოვლითი გზით და მომლოდინე მეზობლებიც დაგვხვდნენ შეწუხებული სახეებით“ - ამბობს სოფელ საიმერლოში მცხოვრები რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტი თეა დავაძე.

სიტუაციის გასარკვევად ჩვენ მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიების  „შპს ექსპრეს ტურისტის“ და შპს „ავტოპარკის“ ხელმძღვანელებსაც დავუკავშირდით.

„მართალია ცუდი გზებია და იმტვრევა მანქანა, მაგრამ გუშინ გადავწყვიტეთ, რომ შევიდნენ ამ გზებზე მანქანები, ნელ-ნელა იარონ ისე, რომ არც მანქანა დაზიანდეს და საქმეც არ გავაფუჭოთ“ - თქვა შპს „ექსპრეს ტურისტის“ ხელმძღვანელმა იური სამხარაძემ და აღნიშნა, რომ სიტუაციაში დღესაც გაერკვევაა. 

შპს "ავტოპარკის"  დირექტორი გიგა ჯალაღონიაც ადასტურებს, რომ მათი ტრანსპორტი გარკვეულ ქუჩებზე დაზიანებული გზების გამო არ შედის.

მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა, პირველად ჩვენგან გაიგო სოფელ საიმერლოში  არსებული პრობლემის შესახებ და სიტუაციაში გარკვევას დაგვპირდა.  რაც შეეხება ასფალტის დაგებას, ჯერჯერობით  ზუსტი დრო გაურკვეველია , თუცა დარგალი ამბობს, რომ კომპანია, რომელიც წყლის სისტემის პროექტს ახორციელებს, ბიუჯეტში ასფალტს დაგების თანხაცაა გთვალისწინებული. კომპანიას კი სოფელში ჯერ  სამუშაოების მეორე ეტაპი აქვს განსახორციელებელი.





Print