სიახლე
ინფორმაციული სივრცე ქალების გაძლიერებისა და მათი პრობლემების გამოაშკარავებისათვის
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა ერთი-ერთი აქტუალური და მასშტაბური პროლემაა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში. წლების განმავლობაში დამკვიდრებულმა პატრიარქალურმა სოციალურმა წყობამ ქალთა მიმართ უთანასწორო ქცევა და მათ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა ყოველდღიურ მოვლენად აქცია.

საერთაშორისო კვლევების მიხედვით, მაგალითად 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში ყოველი 7 ქალიდან 1 ძალადობის მსხვერპლია. კიდევ უფრო საგანგაშოა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი. იმავე წლის მონაცემებით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოძალადედ 6 000-მდე მამაკაცი იქნა რეგისტრირებული. ხოლო მათი ძალადობის მსხვერპლთა აბსოლუტური უმრავლესობა ქალია. აღნიშნული მონაცემები რამდენიმე კუთხით არის საყურადღებო. ბოლო წლების განმავლობაში ოფიციალურად დაფიქსირებული ძალადობის და შემაკავებელი ორდერების მაჩვენებელის რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ძალადობა გაიზარდა ქვეყანაში. არამედ, მაჩვენებლის ზრდა განპირობებულია სახელმწიფოს მკაცრი მიდგომითა და ოჯახში ძალადობის თაობაზე ცნობიერების ამაღლებით. ქალებმა, ვინც მანამდე ყოველდღიურობად და მათი ცხოვრების ჩვეულებრივ ნაწილად მიიჩნევდნენ მათზე ძალადობას, გაანალიზეს ამ ქმედებების არსი, მათი უარყოფითი გავლენა ცხოვრებაზე და დაიწყეს სახელმწიფოში არსებული მათი უფლებების დაცვის მექანიზმების აქტიურად გამოყენება.

საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის არმოფხვრისა და გენდერული საკითხების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ. ბოლო წლების განმავლობაში ორგანიზაციებმა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშიც დაიწყეს მუშაობა. მაგალითად, ორგანიზაცია „საფარიმ“ შექმნა პირველი ორენოვანი გვერდი „ფანჯარა“, რომლის მთავარი მიზანიც ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალების პრობლემების წამოჭრა და მათი გადაჭრის გზების პოვნაა.




სტატის
ტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ ძალადობის მსხვერპლთა აბსოლუტური უმრავლესობა ქალია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი მამაკაციც შეიძლება გახდეს. ეს განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც საქმე ოჯახში ასაკოვან ადამიანებზე ძალადობას ეხება.

საინტერესოა კიდევ ერთი სტატისტიკური მაჩვენებელი. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქალების თითქმის ერთ მეოთხედს (22%) და კაცების ერთ მესამედს (31%) მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია. უფრო მეტიც: ქალების თითქმის ერთი მეოთხედი (23%) და კაცების თითქმის ნახევარი (42%) მიიჩნევს, რომ ცოლი ქმარს მაშინაც კი უნდა დაემორჩილოს, თუ მას არ ეთანხმება.

ძალადობა მისი ფორმების მიხედვით საკმაოდ კომპლექსური ფენომენია. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით ძალადობის სახეებია ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური, იძულება და არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა.

სტატისტიკის მიხედვით ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმა ფსიქოლოგიური ძალადობაა, მას მოსდევს ფიზიკური და ეკონომიკური ძალადობა და შემდგომ იძულება.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ქალთა მიმართ ძალადობა კი გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.

ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის კუთხით განსაკუთრებული ცვლილებები კანონმდებლობაში 2014 წელს განხორციელდა. ცვლილებები უკავშირდება ე.წ. სტამბოლის 2011 წლის კონვენციის რატიფიცირებას (ქალთა მიმართ და ოჯახში ძლადობის აღკვეთის თაობაზე). საინტერესოა, რომ აღნიშნული კონვეციის მიღება მოხდა ქალაქ სტამბოლში. ამ აქტს სიმბოლური დატვირთვაც აქვს, რადგან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის განსაკუთრებული პრობლემა იდგა და დგას თურქეთში. შესაბამისად ევროსაბჭოს წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს რომ სწორედ თურქთეთი იყო ის ქვეყანა, სადაც მსგავსი კონვეციის მიღება იქნებოდა მნიშვნელოვანი სიმბოლური აქტი ამ პრობლემასთან ბრძოლის წინააღმდეგ.




პროექტი დაფინანსებულია დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს მიერ. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თვალსაზრისს.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია