სიახლე
თითქმის ერთ წელში, მარნეულის კრიზისული ცენტრის სერვისით სამმა, ხოლო კონსულტაციით, ათმა ადამიანმა ისარგებლა
თითქმის ერთი წელია, რაც მარნეულში პირველი ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი ფუნქციონირებს. სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში, სრული სერვისით მხოლოდ სამმა მარნეულელმა ისარგებლა, ხოლო ათს კონსულტაცია გაუწიეს. ცენტრის მიზანი ბენეფიციართა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაა. ასევე, მათი ჯანმრთელობის დაცვის, ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარების/რეაბილიტაციის ხელშეწყობაა. როგორც მარნეულის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის უფროსი და სოციალური მუშაკი ეკა ბედიანაშვილი ამბობს, ცენტრში მიმართვიანობის გასაზრდელად ერთ-ერთი მთავრი კომპონენტი მათ მიმართ ნდობის გაზრდაა. 

„ამ ყველაფერს დრო სჭირდება და მიდგომა, რომლითაც ეს ადამიანები მიხვდებიან, რომ ჩვენთან არსებული სერვისები არს მათთვის და კონფიდენციალურობა სრულად დაცულია. კრიზისულ ცენტრში, ძირითადად, მომართვიანობის მიზეზი, ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური და სოციალური პრობლემების მოგვარება იყო. ერთი ქეისი მიმდინარეა ორი კი დახურული გვაქვს უკვე. ერთ-ერთ მათგანთან სოციალური კუთხითაც ვიმუშავეთ და პროფესიული გადამზადების კურსები გავატარეთ და ძალიან კარგი მონაცემები აქვს იმისათვის, რომ მუშაბა დაიწყოს, ახლა არჩევანის წინაშე დგას“, - გვითხრა ეკა ბედიანაშვილმა და აღნიშნა, რომ აქტიური კომუნიკაციაა აქვთ მარნეულში მოუშავე სოციალური მომსახურების სააგენტოსთან და სახალხო დამცველის აპარატთან, რომლებსაც ბენეფიციარები მათ ცენტრში ხშირად გადაუმისამართებიათ.

ბედიანაშვილის განმარტებით, მათი სამომავლო მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური მუშაობაა და საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება ამა თუ იმ უწყებასთან.

„ჩვენ ძალიან ბევრი პრეზენტაცია ჩაგვიტარებია და პრეზენტაციებიც გაგვიკეთებია, თუმცა ვფიქრობთ, რომ უფრო სოფლების დონეზე უნდა გავიდეთ და გავაცნოთ ჩვენთან არსებული სერვისები . ჯანდაცვის ობიექტებთან გვინდა კიდევ აქტიური კომუნიკაცია, საპატრულო პოლიციაცაა ინფორმირებული, თუმცა კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიაროთ მათთანაც საკითხი, შეუძლებელია ასეთი შემთხვევა არ არსებობდეს და რატომ არ მოდის ჩვენამდე, ეს კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“

მარნეულის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრს ამ ეტაპზე იურისტი სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი ჰყავთ.

კრიზისულ ცენტრს ძალადობისგან დაცვის ცხელი ხაზი აქვს (116006). ზარი ანონიმურია.

საქართველოს მასშტაბით სულ ხუთი კრიზისული ცენტრი, ხუთი თავშესაფარი მუშაობს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია