მარნეულის მერისათვის ახალი სოციალური პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი შშმ პირთა საბჭოს შექმნაა
დღეს, 17 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა 2020 წლის სოციალური პროგრამების პრეზენტაცია გამართა. მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა შეხვედრის მსვლელობისას განაცხადა, რომ სოციალური პროგრამა განახლებულია და პრიორიტეტი გრძელვადიანი განვითარებისაკენაა მიმართული.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება. ახალი საბჭო შეიქმნება მარნეულის მერიაში, რომლის მეშვეობითაც ჩვენ გვექნება საშუალება, რომ მოქალაქეებს სხვადასხვა საჭიროებები დავუკმაყოფილოთ“ - განაცხადა ზაურ დარგალმა

საბჭო, რომლის შესახებაც ზაურ დარგალი საუბრობს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საბჭოა, რომელიც 9 წევრისაგან დაკომპლექტდება. მასში შევლენ მარნეულის მერის მოადგილე, საკრებულოს წარმომადგენელი, მერიის წარმომადგენელი, შშმ პირები და შშმ პირთა მშობლები.

როგორც რადიო „მარენულთან“ საუბრისას შშმ ბავშვის მშობელმა მურად ლომსანიძემ თქვა, მუნიციპალიტეტში შშმ პირთა საბჭოს შექმნა საკმაოდ კარგი მოვლენაა, მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ საბჭოს წევრი თავად მერიც ყოფილიყო.

„თუ რაიმე წინ გადადგმული ნაბიჯი კეთდება ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს ყველაფერი დაგვიანებულიც კი არის. მუნიციპალიტეტს ამ პროგრამებსა და საბჭოებზე ფიქრი გაცილებით ადრე უნდა დაეწყო“. - გვეუბნება მურად ლომსანიძე

შშმ პირთა საბჭოს შექმნასთან ერთად ცვლილებები შევიდა ბენეფიციარების ერთჯერადი დახმარების პროგრამაშიც. უსინათლო და სმენადაქვეითებული ბენეფიციარების ყოველთვიური დახმარება 10 ლარით გაიზარდა და 50 ლარი გახდა ასევე გაიზარდა დიალეზის პროგრამაში ჩართული ადამიანების მგზავრობის დაფინანსებაც. მარნეულში მცხოვრებთათვის მგზავრობის დაფინანსება 40 ლარიდან 70-მდე, ხოლო ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებთათთვის 100 ლარამდე გაიზრდება.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას უსინათლოთა კავშირის წევრმა სურიკ ჩიჩიანმა განაცხადა, საჭიროა ისეთი სერვისების შექმნა, რომლებიც შშმ პირებს მისცემს დასაქმებისა და სრულფასოვანი რეალიზაციის საშუალებას, მაგრამ ამ პროცესს დიდი დრო სჭირდება, მანამდე კი ერთჯერადი დახმარებები კვლავ უნდა შენარჩუნდეს და გაიზარდოს კიდეც.




რადიო
„მარენული“

Print