სიახლე
„ჩვენ არქიტექტორებთან მოლაპარაკება გვაქვს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“ - მარნეულის მერი მერიის არაადაპტირებულ შენობაზე
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა შშმ პირებისათვის ადაპტირებული არაა. ეტლით მოსარგებლეს შენობის მხოლოდ პირველ სართულზე შეეძლება შესვლა. მეორე და მესამე სართულზე, სადაც მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უმეტესობაა განლაგებული და საკრებულოს სხდომები იმართება ეტლით მოსარგებლეები ვერ ადიან, რადგან მუნიციპალურ შენობას არც პანდუსი და არც ლიფტი არ აქვს.

დღეს, 17 იანვარს, მარნეულის მერმა 2020 წლის მუნიციპალური სოციალური პროგრამები წარადგინა. მერმა შეხვედრაზე შშმ პირებისათვის სხვადასხვა სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

რადიო „მარნეულის“ კითხვაზე, თუ რატომ არაა მერიის შენობა შშმ პირებისათვის ადაპტირებული, მერმა განაცხადა, რომ ისინი ამ საკითხზე ფიქრობენ.

„შენობების ინფრასტრუქტურა, რომელიც წლების წინაა აშენებული, არ გვაძლევს საშუალებას რომ შშმ პირები მეორე სართულზე ამოვიდნონ. ჩვენ არქიტექტორებთან მოლაპარაკება გვაქვს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“ - განაცხადა ზაურ დარგალმა

მარნეულის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ახლადაშენებული და მშენებარე შენობები სრულიად ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის.

2020 წლის მუნიციპალური სოციალური პროგრამების პრეზენტაცია მარნეულის ბიბლიოთეკაში გაიმართა, რადგან მერიის შენობაში არსებული ყველა საკონფერენციო და სხდომათა დარბაზი მეორე და მესამე სართულებზეა განთავსებული.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები