სიახლე
მარნეულის მერია სოფლებში გზების დაგებისათვის 3 538 476 ლარს დახარჯავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა 6 სოფელში გზების მოასფალტებისათვის 3 538 476 ლარამდე დახარჯავს.

მარნეულის მერიამ სოფლებში გზების მოასფალტების ორი ტენდერი 17 იანვარს გამოაცხადა.

პირველი ტენდერის მიხედვით, სოფელ გაჯისაქენდის მისასვლელი გზისა და სოფელ დაშტაფას შიდა გზების მოასფალტების სამუშაოების შესყიდვაში მერია 1 242 951 ლარის გადახდას გეგმავს. აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 2-დან 7 თებერვლამდე პერიოდში შეეძლებათ. კომპანიამ კი, რომელიც ტენდერში გაიმარჯვებს, სამუშაოების ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა შეასრულოს.

რაც შეეხება მეორე ტენდერს, მარნეულის თვითმმართველობა 2 295 525 ლარს სოფელ ხულდარას შიდა გზების, სოფელ მოლაოღლის შიდა გზების, სოფელ დამიას მისასვლელი გზის (I ეტაპი) და სოფელ სადახლოში საბავშვო ბაღთან და სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოების შესყიდვაში დახარჯავს. ტენდერის მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა შეასრულოს. ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 6-დან 11 თებერვლამდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია