მაზლისცოლების შესრულებული გალობა საიმერლოში
თინა და ნელი ქიმაძეები, რომლებმაც ფეისბუქ მომხმარებლების მოწონება დაიმსახურეს, სოფელ საიმერლოში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში გალობენ.

თინა და ნელი ერთმანეთის ბიძაშვილები და ამავდროულად მაზლისცოლები არიან. პროფესიონალურად სიმღერა დაახლოებით ოცი წლის წინ, მას შემდეგ დაიწყეს, რაც სოფელ საიმერლოში ანსამბლი „იმერულა“ შეიქმნა.

„მე და ნელი ერთად ვმღერივართ ხოლმე. ჩვენი მამა, ბიძები მღეროდნენ ბავშვობიდან და გვესმოდა მათი სიმღერა და ალბათ ცოტა ნიჭი ჩვენც აღმოგვაჩნდა და მოვედით აქამდე. ძალიან ბევრგან გვიგალობია, ახლა საზღვარგარეთს რომ ეძახიან, ესტონეთში, ლიტვაში, კაზახში იყო ხოლმე შეკრებები სამი ქვეყნის, საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის, იქაც გვიმღერია და ჯავახიშვილობაზე ყოველ წელს ვმღეროდით“ - გვეუბნება თინა ქიმაძე

65 წლის თინა და 70 წლის ნელი საიმერლოში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში უკვე თვენახევარია გალობენ. როგორც თინა ამბობს, ეკლესიაში მგალობელთა გუნდი ახალი ჩამოყალიბებულია და ჯერ ძირითადად რეპეტიციებს გადიან. ერთ-ერთი ასეთი რეპეტიციის დროს, შესვენებაზე, მგალობლებმა მათ ძველი რეპერტუარიდან სიმღერის შესრულება სთხოვეს, ამის ამსახველი ვიდეო კი სოციალურ ქსელში განათავსეს.

„თუ ფეისბუქზე ამ ვიდეოს დადებდნენ ეგ საერთოდ არ გვიფიქრია. სულ უბრალოდ ვიმღერეთ, რომ სხვა რამეზე გადავრთულიყავით და მერე ისევ მეცადინეობა გაგვეგრძელებინა. უცბად ეს სიმღერა მოგვაგონდა, დიდი ხანია არ გვემღერა და ზოგჯერ სიტყვებიც კი გვავიწყდებოდა.“ - თინა გვეუბნება, რომ მათ მიერ შესრულებული სიმღერის პოპულარობა ახარებს.

მგალობლები ჯერ-ჯერობით მოახლოებულ დღესასწაულებთან დაკავშირებულ საგალობლებს სწავლობენ.


ვიდეო სოციალურ ქსელში ფეისბუქმომხმარებელმა ხატია ირიაულმა ატვირთა
Print